თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში დაბრუნებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
პარლამენტს ბოიკოტს ოპოზიციის დიდი ნაწილი უცხადებს. ოპოზიციამ მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა.
„პარტიაში მიდის მსჯელობა – ხომ არ შევიდეთ და იქ კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა, პარლამენტში რომ არ შევიდა, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ არ ნანობს. მან აღნიშნა, რომ არც ახლა აქვს სურვილი, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების საქციელი, რომლებიც არ ტოვებენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, აიძულებს ლეიბორისტებს, დაფიქრდნენ საპარლამენტო ტრიბუნაზე.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ ტოვებს პარლამენტს. ახალ არჩევნებზე არავინ ლაპარაკობს და ეს არავის უნდა. ლეიბორისტები კი ტრიბუნას კარგავენ, საიდანაც ხალხის სახელით შეიძლება ლაპარაკი.
დაიკავებს თუ არა შალვა ნათელაშვილი დეპუტატის სავარძელს, თვის ბოლოს გახდება ცნობილი, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ. პარტია თავისი ელექტორატის გამოკითხვის ჩატარებას აპირებს, მათ შორის, Facebook-ის ქსელში, რათა გამოარკვიოს პარტიის მომხრეების განწყობა.
„ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და, ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა გუგავამ.
მისი თქმით, პარტიის ლიდერი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს, მაგრამ პარტიაში არის სხვა მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად განიხილება.
დაგვიანებულად მიიჩნევს ლეიბორისტების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ჩემი შეფასებით, ალბათ ცოტა დაგვიანებულია... ერთი წელი არცერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი... საერთო ჯამში ბოიკოტი თუ საბოტაჟი მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ბოიკოტს დღემდე განაგრძობს.
ლეიბორისტებს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართა, მისთვის მანდატი ჯერ არ ჩამოურთმევიათ.