თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია Sputnik-სომხეთს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა კომპანიას ნება დართო, ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით რეისები იანვრიდან დაიწყოს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ჯერ კიდევ 23 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ ნებართვის მისაღებად სამინისტროს მიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ფრენები არარეგულარული იქნება.
Flyone Armenia იქნება პირველი სომხური ავიაკომპანია, რომელიც 2015 წლის შემდეგ თურქეთში ფრენების განხორციელებას დაიწყებს. თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი ასევე აპირებს სტამბოლი-ერევნის ფრენების დაწყებას.
სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. 2021 წლის 13 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერევანი და ანკარა ორმხრივ საფუძველზე ურთიერთობის ნორმალიზაციაზე მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლებს დანიშნავენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ჩავუშოღლუს განცხადებას. უწყებაში დაადასტურეს, რომ ერევანი დიალოგის წარმართვისთვის თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანკარამ ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი დანიშნა. სომხური მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დაინიშნა.