ვისთვის არ შეიცვლება ტრანსპორტზე ტარიფი: ტყემალაძის განმარტება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათის შეძენა მოუწევთ.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ მგზავრობს ან საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, მათთვის მგზავრობის ტარიფი არ შეიცვლება, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ექვსთვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.

„ჩვენ ამავდროულად შემოგვაქვს ევროპული სააბონემენტო სისტემა, რომლითაც ტარიფი ყველასთვის გაიაფდება... იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პასიური მომხმარებლები არიან, შესაძლოა, მათთვის გაძვირდეს, მაგრამ აქტიური მომხმარებლებისთვის, მათთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან მომავალში მეტად ისარგებლებენ, ნამდვილად იაფდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ვადიანი აბონემენტის შეძენით კიდევ უფრო მეტჯერ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, — განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენტუნარიანი გახდეს.
„ადამიანებმა, რომლებიც ამჟამად ქალაქში საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, გვსურს ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ მიზნით დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურის იმგვარად დაგეგმარებას ახორციელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, — აღნიშნა ტყემალაძემ.
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფი კი არ ძვირდება, იაფდება
შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, ერთდღიანი – 3 ლარი; ერთკვირიანი – 20 ლარი; ერთთვიანი – 40 ლარი; სამთვიანი – 100 ლარი; ექვსთვიანი – 150 ლარი; ერთწლიანი კი – 250 ლარი.
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის — 10 თეთრი.