თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე, სადაც შეაჯამეს შეიარაღებული ძალების 2021 წლის საქმიანობის შედეგები და ასევე განსაზღვრეს პრიორიტეტები არმიისა და საზღვაო ძალების შემდგომი განვითარებისთვის, წერს РИА Новости.
პუტინმა აღნიშნა რუსული ძალების დამსახურება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მისი თქმით, სირიაში რუსეთის ჩართულობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სტაბილურობაში, ხოლო ყარაბაღში სამშვიდობოების წყალობით ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ არმიის მოდერნიზებისთვის სერიოზული სამუშაოა გაწეული, რის წყალობითაც თანამედროვე შეიარაღების წილმა 71%-ს გადააჭარბა, ხოლო ბირთვულ ძალებში – 89%-ს.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო ექიმების მუშაობას, რომლებიც რუსეთის ცხრა რეგიონის მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.
ნატო და ევროპა
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ევროპაში ვითარება სერიოზულად გაუარესდა და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ს, რომელიც სტრატეგიული სტაბილურობის სხვადასხვა შეთანხმების ჩარჩოებს ტოვებს და ნატოს გაფართოებას ცდილობს.
მისი თქმით, აშშ იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მას აწყობს, მაგრამ მაშინვე ივიწყებს ამ ნორმებს, როდესაც ეს მის ინტერესებს არ შეესაბამება, და „მსგავსი მანიპულაციები უკვე მოსაბეზრებელია“.
„შეშფოთებას იწვევს უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან აშშ-ის და ნატოს სამხედრო დაჯგუფებების კონცენტრაცია, ასევე ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარება, მათ შორის დაუგეგმავის. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, რომ რუსეთის სიახლოვეს მიმდინარეობს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება“, – განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა შეაიარაღოს უკრაინა და ამ საფარქვეშ ექსტრემისტები რუსეთის გარკვეულ რეგიონებში, მაგალითად, ყირიმში შეიყვანოს.
უსაფრთხოების გარანტიები
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა დასავლეთისგან განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს და მთელ ევრაზიულ სივრცეში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების მომხრეა.
მისი თქმით, ვაშინგტონისგან მოელიან უსაფრთხოების სამართლებრივ გარანტიებს და არა სიტყვიერ განცხადებებს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც, პუტინის თქმით, გამორიცხავს ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ მიმართულებით და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში შეტევითი შეიარაღების სისტემების განთავსებას.
ამავდროულად, რუსეთი მიიღებს ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს არამეგობრულ ნაბიჯებზე საპასუხოდ, განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთმა არაკეთილმოსურნემ ეს წინადადებები ულტიმატუმად შერაცხა, მაგრამ ეს ასე არ არის.
„ასევე არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდეს იმის მცდელობა, რომ ყველა ჩვენი წინადადება გააჭიანურონ, რაღაც ჭაობში ჩაძირონ, და ამ პაუზის გამოყენებით თავად გააკეთონ ის, რაც სურთ. <...> მოვლენების ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი წინააღმდეგია სისხლისღვრისა და სურს საკითხების პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაჭრა, ამიტომ იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატებისგან მკაფიო და ამომწურავ პასუხს მიიღებს მის წინადადებებზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება.
არმიის განვითარება
პუტინმა ასევე ჩამოაყალიბა შეიარაღებული ძალების განვითარების ამოცანები არსებული ვითარების გათვალისწინებით.
მისი თქმით, აუცილებელია ჯარების გეგმიური აღჭურვა თანამედროვე იარაღით და აღჭურვილობით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამედროვე იარაღის, ჯარების მოქმედებების ახალი ფორმებისა და მეთოდების ათვისება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი სიზუსტის კომპლექსების, დაზვერვის, ნავიგაციის, კავშირგაბმულობისა და მართვის უახლესი სისტემების დანერგვას, დასძინა პრეზიდენტმა.
სამხედრო სფეროში წარმატება მეტწილად დამოკიდებულია ყველა დონის მეთაურის მიერ გადაწყვეტილების მიღების სიზუსტესა და სიჩქარეზე, ამიტომ აუცილებელია მათი მხარდაჭერის სისტემების შემუშავება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა, მიიჩნევს პუტინი.
პრეზიდენტმა ასევე გასცა დავალება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ ისე, რომ ის არა მხოლოდ შეესაბამებოდეს ხელფასების დონეს ეკონომიკის წამყვან სექტორებში, არამედ აღემატებოდეს მას.
„სამშობლოს დამცველები ასრულებენ განსაკუთრებულ, ხშირად ძალიან რთულ, საპასუხისმგებლო და სარისკო ამოცანებს, და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მათ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება გაწეული სამსახურისთვის“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ არის საკითხები, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებს, ისინი მუდმივი განხილვის საგანია მრეწველობასთან ერთად.