სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესებას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონპროექტის თანახმად, რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე და აეროპორტებში
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს რვა კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას და სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ცვლილება შეეხო მხოლოდ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის ფორმას.
ახალი ვერსიის თანახმად, ეს ნაწილი 2022 წლის მარტიდან შევა ძალაში, რათა ტელეკომპანიებს დრო მიეცეთ ახალი სპონსორებისა და რეკლამის დამკვეთების მოსაძიებლად. გარდა ამისა, შეიცვალა თავად აკრძალვის ფორმა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს სათამაშო ბიზნესის ვიდეორეკლამის ტელესივრცესა და ასევე ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსების აკრძალვას.
ადრინდელი ვერსიით, ვიდეორეკლამა დაშვებული იყო სპორტული ღონისძიებების დროს.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
კანონპროექტის თანახმად, რეკლამა ნებადართული იქნება მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით.
დანარჩენი ცვლილებები ძალაში 1 იანვრიდან შევა. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი თამაშების სისტემური ელექტრონული მოწყობა დაბეგვრას დაექვემდებარება.
დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.
გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.
კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე 2022 წელს ბიუჯეტს მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილში 127 მლნ ლარით შეავსებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში – კიდევ 98 მლნ ლარით.
„კაზინო თითოეულ ოჯახში": რატომ ვერ გადაჭრის რეკლამის აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას
სათამაშო ბიზნესისთვის კიდევ ერთი აკრძალვა იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდა. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება.
შედგება ასევე ლუდომანების (თამაშზე დამოკიდებულ პირთა) და გარკვეული კატეგორიის პირთა სია, რომელთაც თამაში აეკრძალებათ. შედგება მეორე სიაც. მასში შევლენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირები და ასევე სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები.
პროექტის ავტორების შეფასებით, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს.