თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას „მასშტაბური შედეგები და მაღალი ფასი“ მოჰყვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამიტის კულუარებიდან აცნობა დიპლომატიურმა წყარომ.
„ლიდერებმა სრული სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას. ევროკავშირის [სახელმწიფოების] მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის სამხედრო აქტიურობას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, მასშტაბური შედეგები და მაღალი ფასი მოჰყვება რუსეთისთვის“, — აღნიშნა წყარომ.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემაჯამებელ 24-გვერდიან დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი არც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე და არც რუსეთის აგრესიაზე, რის თაობაზეც დასავლეთი ხშირად საუბრობს ბოლო პერიოდში.
აღნიშნული დაადასტურა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმაც, რომლის თქმით, სამიტზე არც ანტირუსული სანქციების თემა განხილულა და შეკრებილებს არც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე უმსჯელიათ.
„ამ კონკრეტულ დონეზე სანქციების საკითხი არ განგვიხილავს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე, რომელიც ძალიან გვაშფოთებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ რეგიონში მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის“, — აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.
ამასთან აღინიშნება, რომ სამიტის საბოლოო პრესკონფერენციაზე კითხვების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთს შეეხებოდა. როგორც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განუცხადა ჟურნალისტებს, ევროკავშირს „მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს მომზადებული რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს“, და ამ თემაზე 27 ქვეყნის ლიდერი ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებს.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის თანახმად, პროგრამის წევრი სახელმწიფოების მომდევნო შეხვედრა მომავალ წელს არ გაიმართება. შემდეგი სამიტი 2023 წლისთვისაა მონიშნული.