ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

გვიან მიხვდა: თაღლითებმა პროფესორს 7 მლნ გამოსძალეს

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებად შენიღბულმა აფერისტებმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დაარწმუნეს, გადაერიცხა მათთვის 7,3 მლნ რუბლი, რათა „ფული თაღლითებისგან გადაერჩინა“, იუწყება РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ტატიანა გრიშინამ პოლიციას მიმართა და აცნობა, რომ ნოემბრის ბოლოს მას უცნობმა პიროვნებამ დაურეკა და თავი პოლიციის თანამშრომლად წარუდგინა. უცნობმა ქალს უთხრა, რომ თაღლითები მისი სახელით კრედიტის გაფორმებას ცდილობდნენ, და რომ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ტარდებოდა.
აფერა მილიონობით ლარზე: საქართველოში კიდევ ერთი თაღლითური სქემა გამოავლინეს
ამის შემდეგ პროფესორს უკვე სხვა პიროვნებამ დაურეკა, რომელიც ამჯერად უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლად გაეცნო. ცრუ სამართალდამცველებმა შეძლეს დაერწმუნებინათ გრიშინა, რომ ბანკში მისულიყო, გაეფორმებინა იქ კრედიტი დაახლოებით 3 მლნ რუბლზე და მათთვის გადაერიცხა.
ორიოდე დღის შემდეგ, უკვე დეკემბერში ტატიანა გრიშინას კიდევ ერთხელ დაურეკეს და მანაც კიდევ ერთხელ გააფორმა კრედიტი, რომელიც ასევე გადაურიცხა „სამართალდამცველებს“. შედეგად, ქალმა დაახლოებით ერთ კვირაში 7,34 მლნ ისესხა ბანკისგან და მთლიანად თაღლითებს „აჩუქა“.

„მას შემდეგ, რაც ბოლო ტრანში გადარიცხა, ქალი მიხვდა, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდა და პოლიციას მიმართა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თაღლითობის“ მუხლით“, — წერს სააგენტო.

ამ დროისათვის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
აღინიშნება, რომ პროფესორი ტატიანა გრიშინა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დისციპლინას ასწავლის. მათ შორის, კვალიმეტრიასა და ხარისხის მართვას, ცდების გაზომვებისა და კონტროლის მეთოდებსა და საშუალებებს, ხარისხის მართვის სისტემების ყოვლისმომცველი შეფასების მეთოდებს.