სააკაშვილს ღრმა დეპრესია და სტრესული აშლილობა აქვს - კონსილიუმის დიაგნოზი

ექიმები მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და მედიკამენტების კურსის კორექტირებას
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღრმა დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს, რის გამოც მისი მდგომარეობა საყურადღებოა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში.
ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობს.
დასკვნის თანახმად, სააკაშვილს ამ დროისთვის გამოუვლინდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები, ასევე ანემია.
სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის – ადვოკატი
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ პოსტტრავმული აშლილობის და დეპრესიის ფონზე სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოთერაპია და დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების კორექტირება.
„სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია კონსილიუმის დასკვნაში.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
ამგვარად, კონსილიუმის რეკომენდაციაა დაინიშნოს ფსიქოთერაპევტი, ხოლო ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით. ექიმები ასევე მოითხოვენ ფიზიკურ რეაბილიტაციას და ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექციას.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
სააკაშვილი კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მწვრთნელის დახმარებით ვარჯიშს დაიწყებს
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, დედა და მისი მხარდამჭერები კი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვენ.
ექს-პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.