თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე (იტალია) დააჯილდოვეს, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი რეჟისორის ანიმაციურმა ფილმმა მანფრედო მანფრედის ჯილდო მიიღო.
„მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" დააჯილდოვეს სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ვულოცავთ მარიამს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!" – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.
„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.
ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.
სარდინიის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც ეროვნული და უცხოური წარმოების საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმებია წარდგენილი.