საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია გაგრძელდება

საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენა 7 ათასი ჰექტარის ტერიტორიაზე იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 50 ჰექტარის ტერიტორიაზე ჩაის წარმოების აღდგენის ორი პროექტი განხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 13 დეკემბერს მთავრობის სხდომაზეა მიღებული.
კერძოდ, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37,26 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 134.120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება 93.139 ლარია, ხოლო 40.981 ლარი ბენეფიციარის – შპს „გრინჰილის“ თანამონაწილეობაა.
ჩაის პლანტაციები ფერმერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმერეთში, კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში 14,50 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდება.
აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 52.200 ლარს, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 36.250 ლარია, ხოლო 15.950 ლარი ბენეფიციარის – შპს „ერთობის“ თანამონაწილეობაა.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული 7 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია.
გურიაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია გრძელდება: რა გაკეთდა
საქართველოში მეჩაიეობის დასაწყისად XIX საუკუნის 30-იანი წლებია მიჩნეული, როცა თავადმა მიხა ერისთავმა ოზურგეთში, საკუთარ მამულში ჩაი მოიყვანა. 1864 წელს ქართველმა დიდგვაროვანმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ გამოფენაზე ქართული ჩაის პირველი ნიმუში წაიღო.
თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში მოყვანილი ჩაის ბუჩქი შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის ბაიხის ჩაის წყარო, არის 1899 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე მიღებული დიდი ოქროს მედალი.