თბილისი, 30 მაისი - Sputnik. გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 203 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494 ათას ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358 ათას ლარზე მეტია.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო. გასული წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობამ ჩაის კოოპერატივებისა (90%-ით) და ბენეფიციარებისთვის (70%-ით) დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად დაათვალიერა.
„2016 წლიდან, სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო. ხორციელდება საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ არის ამის თვალსაჩინო მაგალითი, ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 25 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ თითქმის 62 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 43 ათს ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.
ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში დაახლოებით 200 წელს ითვლის. პირველი ჩაის ბუჩქი გურიაში მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და თანდათანობით შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა, მე-20 საუკუნეში კი ჩაის პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკავა.
დღესდღეობით ჩაის პლანტაციებს საქართველოში 8000 ჰექტარი უკავია, მაგრამ ნახევარს აღდგენა სჭირდება.