თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მის მიერ მოწვეული კონსილიუმის წევრებმა ახლახან დატოვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს.
9 დეკემბერს ლომჯარიამ განაცხადა, რომ კონსილიუმის წევრებთან ერთად სააკაშვილისთვის დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატების დოზირების ოპტიმალურობის საკითხს და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეისწავლიდა.
„გარკვეული მიმართულებებით არის ცვლილებები, რიგ შემთხვევაში უკეთესობისკენ, რიგ შემთხვევაში კი - უარესობისკენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით გასინჯა პაციენტი, მოხდა მის მკურნალ ექიმთან გასაუბრება. ახლა ექიმებმა ეს ინფორმაცია უნდა შეაჯერონ, შემდგომში კი გამოქვეყნდება საჯარო დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით.
ლომჯარიას თქმით, სააკაშვილი არ არის უზრუნველყოფილი სასეირნო სივრცით, სადაც ის სუფთა ჰაერზე იქნებოდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, პაციენტი ფიზიკური დატვირთვის გაზრდას საჭიროებს.
რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანას, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამისათვის მისი მდგომარეობა უნდა შეაფასონ ექიმებმა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის უშუალოდ მკურნალობის მიმდინარეობას, ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ არის, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება, განაცხადა სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატიშვილმა.
„კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, „ქსანაქსს“ იღებს. „ქსანაქსი“ დანიშნული ჰქონდა მანამდეც, უცხოელი ექიმის მიერ. წამლები ინიშნება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. იწყება მინიმალური ეფექტური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მიიღებ, თანდათან შეიძლება მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის“, - განაცხადა ფსიქიატრმა.
როგორც კურატაშვილმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ექს-პრეზიდენტს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება.
რამდენიმე დღის წინ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც ციხეში, ისე ციხის საავადმყოფოში დიდი დოზით ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ. თავის მხრივ, სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ადრე განაცხადა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატები ექს-პრეზიდენტს დაუნიშნეს ძილის პრობლემების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში მოხვედრამდე და შიმშილობამდე დაეწყო.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილისთვის ფსიქოტროპული პრეპარატების დიდი დოზების მიცემის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა სააკაშვილის მდგომარეობის შემოწმება გადაწყვიტა.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.