ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა კრედიტი?..

საქართველოში ფული კიდევ უფრო გაძვირდა!.. რატომ? მოქალაქეებს ფასების ზრდასთან ერთად გაძვირებული საბანკო ვალდებულებები ახრჩობთ... ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა სესხი და რას გვპირდება ქვეყნის მთავარი ბანკირი?..
Sputnik
მოლოდინი დასრულდა, პროგნოზი ამჯერად გამართლდა... ქვეყანაში არსებული ორნიშნა ინფლაციის გათვალისწინებით, საფინანსო სფეროს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს გაზრდიდა. ასეც მოხდა. კობა გვენეტაძის უწყებამ მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე წლის რიგით მერვე და ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით 10.5 პროცენტამდე გაზარდა, რითაც მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრა.
ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისედაც გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი ჯამურად უკვე 2.5 პროცენტით გაზარდა. აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ქვეყანა მზარდი ინფლაციის პრობლემას ვერ მოაგვარებს და აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება. საინტერესოა, როგორია თავად ეროვნული ბანკის პოზიცია...
რა გაიზარდა, რა შემცირდა და რამდენია ინფლაციის წლიური მაჩვენებელი?
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ბანკირმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მაღალი ინფლაცია, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოს სხვა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც COVID-19-ის პანდემიით შექმნილმა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების ზრდამ განაპირობა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გამკაცრებული პოლიტიკა რომ არა, დღეს ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ასე, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მკაცრი იქნება, სანამ ინფლაცია არ შემცირდება... − კი, მაგრამ ეს როდის იქნება? − ჩამეძიება ცხოვრების გაძვირებით გაბრაზებული მკითხველი. სამართლიან შეკითხვას თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს.
„ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე გაჩერდება. ინფლაცია დროებითია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შემცირდება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის რეალური საშიშროება არსებობს, გამკაცრებული პოლიტიკა შენარჩუნდეს. ჩვენ ვფიქრობთ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასევე აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.
ვინ დაარიგებს გაისად პენსიას და რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი?
მნიშვნელოვანიქ, რომ შოკის ამოწურვის შემდეგ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება...“, − აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.
ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება მიღებულია. ფაქტია, ეროვნული ბანკი უკან დახევას არ აპირებს და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არც მომავალში გამორიცხავს. აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის მორიგი სხდომა მომავალი წლის 2 თებერვალს გაიმართება და რეფინანსირების ახალი ან ავად თუ კარგად დავიწყებული ძველი საპროცენტო განაკვეთიც გაირკვევა.
მანამდე კი გთავაზობთ, ვნახოთ, რა ვითარებაა რეგიონში, კერძოდ სამეზობლოში სად როგორი მონეტარული პოლიტიკაა და რა ტენდენცია გამოიკვეთა.
თურქეთში, სადაც ინფლაციის დონე 21.31 პროცენტი შეადგინა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 15 პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, სექტემბრიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 19 პროცენტიდან 4 პროცენტით შემცირდა. თურქეთის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი რუსეთშია. გასული წლის დასაწყისში ამ ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25 პროცენტი იყო, თუმცა მიმდინარე წელს რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად რეფინანსირების განაკვეთი არსებული მდგომარეობით, უკვე 7.5 პროცენტია. სომხეთში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წელს ინფლაციის გაზრდის ფონზე სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაამკაცრა და დღეს ის 7.25 პროცენტს შეადგენს. რეგიონში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი აზერბაიჯანშია. გასული წლის დასაწყისიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი ჯერ 7.5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო შემდეგ კი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 7 პროცენტია.
რატომ შემცირდა კომერციული ბანკების მოგება?
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ჩვენთვის რა იცვლება? − ალბათ, დაინტერესდება მკითხველი. პასუხად ვიტყვი, რომ ჩამონათვალი ვრცელია და ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს... მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში ფული, უფრო კონკრეტულად კი ცვლად ანუ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე დამოკიდებული ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები და მომავალში გასაცემი საკრედიტო რესურსი ძვირდება... არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება დაბანკები“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვას გვთავაზობს...
სამწუხაროდ, 169700 მსესხებელს საკრედიტო ვალდებულების პროცენტი 0.5 პროცენტით გაეზარდა. დიახ, მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე სწორედ ამ რაოდენობის სესხია გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 8392 მილიონ ლარს შეადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული კრედიტების რაოდენობა 6200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 102.5 მილიონი ლარით გაიზარდა.
საინტერესოა, როგორია რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა? ხელშეკრულების რაოდენობით სამომხმარებლო სესხი ლიდერობს. 169700 ხელშეკრულებიდან 67400 სამომხმარებლო ტიპის კრედიტია. გაცემულია 1072 მილიონი ლარია. საანგარიშო პერიოდში ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 15.12 პროცენტი შეადგინა.
რატომ ძვირდება ცხოვრება და როდიდან დაიწევს ფასები?
ხელშეკრულების რაოდენობით მეორე ადგილზეა იპოთეკური კრედიტები. 1 ნოემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 64900 სესხია გაცემული. მთლიანი პორტფელის ფარგლებში 2892 მილიონი ლარი საშუალოდ 12.37 პროცენტში გაიცა...
მოგეხსენებათ, ბოლო დროს კომერციული საბანკო სექტორი ე.წ. ბიზნეს სესხებს თამამად გასცემს. ბუნებრივია, გაძვირებული საკრედიტო ვალდებულება საბოლოო ჯამში ამ საკრედიტო რესურსით წარმოებულ პროდუქტსა თუ შემოთავაზებულ მომსახურებასაც აძვირებს... რა თქმა უნდა მცირდება ეკონომიკური საქმიანობისთვის სესხის ამღებთა მსურველიც. სწორედ ეს არის, რის გამოც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფულს აძვირებს და ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის ბიზნესის დასაფინანსებლად გაფორმებული იყო 33500 ხელშეკრულება. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 4311 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესი კომერციულმა ბანკებმა 1199 მილიონი ლარით საშუალოდ 14.57 პროცენტში დააფინანსეს, ხოლო მსხვილი ბიზნესი 3111.5 მილიონი ლარით საშუალო შეწონილ 14.03 პროცენტში დააკრედიტეს.
ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხები გაიცა. 1 ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.9 მილიონი ლარიბანკებმა საშუალოდ 20.5 პროცენტში გაასესხეს.
საით და რატომ იხრება ლარი?..
საანგარიშო პერიოდისთვის ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.6 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ტრადიციულად, სამომხმარებლო სესხზეა - 26.32 პროცენტი... რატომ? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ რისკები გაცილებით მაღალია...
და ბოლოს, საანგარიშო პერიოდისთვის გაზრდილია, როგორც საკრედიტო პორტფელის მოცულობა, ისე ხელშეკრულებების რაოდენობაც...
დასკვნის სახით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, მაგრამ ფაქტია, შედეგად მოქალაქეებს მზარდ ინფლაციასთან ერთად უკვე გაძვირებული საკრედიტო ვალდებულებები ახრჩობს...
სამსონ ხონელი