თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების კონსილიუმი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატების დოზირებას და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეისწავლის. ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რამდენიმე დღის წინ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“. ექიმის განცხადებით, მისი ორგანიზაციის ექსპერტები მოამზადებენ კიდევ ერთ ანგარიშს სააკაშვილის მკურნალობის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) გაეგზავნება.
თავის მხრივ, სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ადრე განაცხადა, რომ ფსიქოტროპული პრეპარატები ექს-პრეზიდენტს დაუნიშნეს ძილის პრობლემების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში მოხვედრამდე და შიმშილობამდე დაეწყო.
„უახლოეს დღეებში მონიტორინგის მიზნით იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის საავადმყოფოში. ასევე ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც შესაბამისი მიმართულებებით, რადგან უკვე ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის სავარაუდო ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, კონსილიუმი ადგილზე გაესაუბრება ექიმებს და სააკაშვილის მკურნალობის მიმდინარეობას შეაფასებს.
„ბოლო ვიზიტი განვახორციელეთ 23 ნოემბერს და დასკვნა საჯაროდ გამოვაქვეყნეთ. ჩვენს კონსილიუმს არ უთქვამს არაფერი საგანგაშო დანიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით და მივიჩნიეთ, რომ იყო ადეკვატური. თუმცა მოგვიანებით ამ გარემოებაზე საუბარი დაიწყო სხვადასხვა ექსპერტმა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთ ვიზიტს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. საუბარია გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.