თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მერია თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობას დესტრუქციული ოპოზიციური ძალების გარეშეც გააგრძელებს. ასეთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ მოწყობილ ობსტრუქციაზე საკრებულოში ქალაქის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას.
თბილისის მთავრობისა და რაიონების გამგებლების დამტკიცებამ სამშაბათს საკრებულოში დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მერიის და თავად კალაძის მუშაობა. ის დაადანაშაულეს კორუმპირებულობაში და პრაქტიკულად უარი თქვეს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.
საპასუხოდ მერმა პირობა დადო, რომ ყველა გამოწვევას ოპოზიციის გარეშე გაუმკლავდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა მომდევნო ოთხი წელი თბილისის განვითარებაში სამაგალითო გახდეს.
„ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას... ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის მანძილზე იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის – რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავისი ვიდეომიმართვის დროს მერმა აღნიშნა, რომ „მზად იყო თანამშრომლობისთვის ოპოზიციონერ დეპუტატებთან, მაგრამ მათ არჩევანი არ დაუტოვეს“. მან მოუწოდა თავის გუნდს, იზრუნონ თბილისელებზე და სხვა რამეზე დრო არ დაკარგონ.
„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისისა და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის საკრებულოში სამშაბათის სხდომა გვიან საღამომდე გაგრძელდა. დეპუტატებმა დაამტკიცეს ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მეორე ვადით არჩეული კახა კალაძე უხელმძღვანელებს.