თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლიდან თბილისის მასშტაბით დაიწყება ავარიული შენობების თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით ჩანაცვლება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგა და ქალაქის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დეპუტატებმა მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ნდობა ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს გამოუცხადეს.
„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლკარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ ნაწილს.
მისი თქმით, დასრულდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამა და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ავტოპარკს 200 ახალი ავტობუსი შეემატება.
„თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით ქალაქში ყველა შეძლებს კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის თქმით, უახლოეს ოთხ წელიწადში გაფართოვდება თბილისის მერიის სოციალური და სამედიცინო პროგრამები.
„სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სკრინინგის პროგრამას, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე დროს, მერის თქმით, საარჩევნო დაპირების მიხედვით, 2022 წლიდან თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის გაცემა დაიწყება.
„ვაუჩერების გაცემა დაიწყება 2022 წლიდან. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ეს ვაუჩერი გამოიყენონ წლის განმავლობაში, როგორც მოუხერხდებათ და რა საჭიროებაც ექნებათ. შეუძლიათ, აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ, შეუძლიათ – რამდენიმე თვეზე გაანაწილონ. არანაირი შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ეს და სხვა მუნიციპალური პროგრამები პრიორიტეტული იქნება მანამ, სანამ დედაქალაქში სოციალური ცხოვრების დონე არ აიწევს.
კახა კალაძე თბილისის მერად მეორე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩიეს. პირველად ეს პოსტი მან 2017 წლის ნოემბერში დაიკავა.