თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი -„ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ არსებული ვაქცინები, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალობისგან დაგვიცავს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მაგრამ, მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯერჯერობით არაერთი კითხვა არსებობს დაზუსტებული პასუხის გარეშე.
„დაშვებაა, რომ ვაქცინები, რომლებიც აქამდე გვქონდა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევა კვლავაც არის ის, რომ უნდა ავიცრათ“, - განმარტა გაბუნიამ.
მისი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ სხვა შტამებთან შედარებით უფრო გადამდებია.
„დაშვების სახით შეგვიძლია თქმა, რომ შეიძლება, 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე „დელტა“ შტამი. ეს, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორის დამატებით დატვირთვას გამოიწვევს“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ ფონზე ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.
„დელტა“ შტამი, ძირითადად, აუცრელ პირებში ვრცელდება - მისი სამიზნე აუცრელი მოსახლეობაა. მოლოდინი გვაქვს, რომ „ომიკრონისთვისაც“ ასე იქნება. ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელია“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრასა და გარდაცვალების შემთხვევებს, გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევაშიც პაციენტების უდიდესი ნაწილი აუცრელია.
„ჩვენივე გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ აცრა მნიშვნელოვნად იცავს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობისგან და გარდაცვალების რისკებისგან. შეიძლება დაავადება აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ ლეტალობის შემთხვევებისგან დავიცვათ თავი, ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ „ომიკრონთან“ დაკავშირებული ახალი რეალობის კონტექსტში ჯანმოს რეკომენდაციებზეც ისაუბრა.
„რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმო ქვეყნებს აძლევს, რა თქმა უნდა, არის საზღვრის მკაცრი კონტროლი და მოგზაურობისთვის PCR-ტესტირება, ასევე საკარანტინო ზომები, ვაქცინაციის გამკაცრება და პირადი დაცვის ღონისძიებები... ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოშიCOVID-19-ზე ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 5 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.234.180 აცრა. მათგან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.017.374 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,6%
ეპიდემიოლოგებს ეს მაჩვენებლები უკიდურესად მცირედ მიაჩნიათ მოსახლეობის სრული იმუნიზაციისთვის და პროცესის გააქტიურებას ცდილობენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.