თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თანხის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაამზადეს და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შედეგად მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია, აღირიცხა აცრილად და მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში დადგენილი შეღავათები.
უწყების ცნობით, გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით არავაქცინირებულ პირებს ვებ-გვერდზე სისტემატურად არეგისტრირებდნენ.
სუსში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ხსენებული პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია მე-4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თუ არიან ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და ამით გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა, რომლის თანახმად კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და სხვ.