კი, მაგრამ, რა საკითხავია?! − სავარაუდოდ, გაიკვირვებს მკითხველი, როდესაც წინამდებარე სტატიის სათაურს გაეცნობა. არც ის გამიკვირდება, მავანმა ირონიული ტონით ჩაილაპარაკოს, მთავარია დასარიგებელი იყოს და დაურიგებელი არ დარჩებაო. არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მე კი დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხანდაზმული მოსახლეობა პენსიის გარეშე არ დარჩება და, მეტიც, აქვე უნდა მივანიშნო, რომ მომავალი წლიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 25 ლარით, 300 ლარამდე გაიზრდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირთათვის პენსიის მოცულობა 312 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 360 ლარი გახდება. პენსიის ზრდის ეს პარამეტრები მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია და ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ რამე შეიცვალოს.
ახლა მთავარია დროულად გაირკვეს – ბიუჯეტით გათვალისწინებული საპენსიო თანხების ადრესატამდე მიტანას ვინ უზრუნველყოფს. შესაძლოა, ჩამეძიოთ − ეს საკითხი დღის წესრიგში რატომ დადგა? რა გაეწყობა, განვმარტავ, რომ საპენსიო გასაცემლების საკითხზე სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მომავალ წელს ვადა ეწურება და, კანონის თანახმად, საპენსიო გასაცემლების მომსახურე კომერციული ბანკის გამოსავლენად ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შემუშავებაზე მთავრობა მუშაობას მალე დაასრულებს. როგორც ვიცე-პრემიერი და ამ საკითხზე მომუშავე უწყებათშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი აცხადებს, ახალი ტენდერის პირობები მიმდინარე კვირაში დაზუსტდება. მისივე თქმით, პროცესი ღიად, გამჭვირვალედ მიმდინარეობს. შექმნილია კომისია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით.
„ჩვენი დავალებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ბაზარი შეისწავლა და ფასები მოიკვლია. უახლოეს დღეებში კი კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება და ახალი ტენდერის პირობებიც განისაზღვრება“, − განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, მრავალი წელია საქართველოს მთავრობა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს. ეს კომერციული ბანკი ამ უფლებას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. ამ ტენდერში სხვა არც ერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. ბოლო რამდენიმე თვეა ბანკის მისამართით როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა გაისმა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს კრიტიკა კონკრეტულ არგუმენტაციას მოკლებული იყო და ძირითადად წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას უკავშირდებოდა.
ერთი სიტყვით, ახალი ტენდერის პირობებს რამდენიმე დღეში შევიტყობთ და მალევე ისიც გაირკვევა, კომერციული ბანკებიდან რომელს აქვს საპენსიო მომსახურების ამბიცია. ჯერჯერობით კი ანალიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველი არათუ ბევრი არ იქნება, არამედ, შესაძლოა, პენსიონერების მომსახურე საბანკო სტრუქტურა სანთლით საძებარი გახდეს. შეიძლება ისევ ჩამეძიოთ − კი, მაგრამ რატომ? ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ, ე.წ. საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის თაობაზე ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო, პოპულისტურმა განცხადებებმა საპენსიო მომსახურების სურვილი თითქმის ყველა კომერციულ ბანკს გაუქრო.
„პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ. დამთავრდა ეს არჩევნები და საპენსიო საკითხმაც აქტუალობა დაკარგა. პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხზე ძირითადად ისმის არაარსებითი მსჯელობა. განცხადებები კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით კეთდება. იყო საუბარი, ბაზარზე კონკურენცია გავაჩინოთ და პროცენტი დაიკლებსო. ამ სეგმენტში კონკურენცია რომ გაჩნდეს, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისი. წმინდა ტექნიკური საკითხებია ჯერ გასავლელი, რათა შემდეგ ამან ბაზარზე ასახვა ჰპოვოს. საპენსიო მომსახურებაზე პასუხისმგებელი ბანკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სრულად უნდა ფარავდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიას. ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკის“ გარდა არ არსებობს კომერციული ბანკი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებდეს. ისეთი პირი უჩანს, ახალ ტენდერში მონაწილეობის მსურველი და გამარჯვებულიც მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ იქნება“, − წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ჯანიაშვილი. მისივე თქმით, რაკი სხვა კომერციული ბანკები მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო პენსიების დარიგებას უბრალოდ ვერ შეძლებენ, ჯობდა მომსახურების, მათ შორის საპენსიო სესხების პირობებზე მოლაპარაკება პირდაპირ „ლიბერთი ბანკთან“ გამართულიყო. „სხვა კომერციულმა ბანკებმა ტექნიკურად რომც შეძლონ მომსახურების გაწევა, ვეჭვობ, რომელიმეს ამ შარში თავის გახვევის სურვილი გაუჩნდეს მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მომავალში შესაძლოა პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებების სამიზნე ისინი აღმოჩნდნენ“, − დასძენს ზურაბ ჯანიაშვილი.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენელების შეფასებით, ცალკეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და კონკრეტული ბანკის რეპუტაციის შელახვაზე აგებული განცხადებების გამო საპენსიო მომსახურება რეპუტაციულად იმდენად დამაზიანებელია, რომ საპენსიო მომსახურების გაწევის სურვილი საბანკო სექტორს დაკარგული აქვს. ამ შეფასებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ იზიარებენ.
„...საბანკო სექტორს დაანახა, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია ანგარიშმიუცემლად მიაყენოს დაუმსახურებელი რეპუტაციული ზიანი როგორც ამა თუ იმ კონკრეტულ საბანკო ინსტიტუტს, ისე მთლიანად სექტორს. პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის გამწევი კომერციული ბანკი, „ლიბერთი ბანკი“ თვეების განმავლობაში უარგუმენტოდ და უაპელაციოდ იყო პოლიტიკოსების ლანძღვის ობიექტი. ბუნებრივია, როდესაც საკითხთან მიმართებაში პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით გამოთქმული, მათ შორის, ეკრანებიდან სარეკლამო რგოლებში ტირაჟირებული, რეპუტაციულად დამაზიანებელი ფრაზები ისმის, კომერციული ბანკები, რომელთა საქმიანობაც უპირველესად ნდობის მაღალ ხარისხს ეფუძნება, სერიოზულად დაფიქრდებიან განახლებულ ტენდერში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხზე“, − აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე. მისი თქმით, თუ დღეს პოლიტიკოსები უაპელაციოდ ლანძღავენ „ლიბერთი ბანკს“, რა გარანტია აქვს ნებისმიერ სხვას, რომ ხვალ ის არ გახდება პოლიტიკური კეკლუცობის მსხვერპლი?
საინტერესოა, როგორია თავად „ლიბერთი ბანკის“ პოზიცია. კომერციული ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორის ვაჟა მენაბდის შეფასებით, „ლიბერთი ბანკი“ კონკურენციისთვის ყოველთვის მზად არის და ეს პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის მიწოდების მიზნით გამოსაცხადებელ ახალ ტენდერსაც ეხება. მისი თქმით, რაც უფრო დროულად შემუშავდება ახალი ტენდერის პირობები, მით მალე ცხადი გახდება როგორ და რა ფორმით გაგრძელდება „ლიბერთი ბანკთან“ თუ სხვა კომერციულ ბანკთან სახელმწიფოს თანამშრომლობა. შესაბამისად, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გაეცემა როგორც „ლიბერთი ბანკის“, ისე სხვა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
„ვნახოთ, როგორი პირობები იქნება. „ლიბერთი ბანკი“ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. დარწმუნებული ვართ, რომ სოციალური გასაცემლების ბენეფიციარებს საუკეთესოდ ვემსახურებით. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ვიცნობთ ამ სერვისის სპეციფიკას. ასევე ხაზგასასმელია, რომ ბანკში დაგროვილია აღნიშნული მომსახურების გაწევის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. მოურიდებლად ვიტყვი, რომ საუკეთესოდ შეგვიძლია ამ კონტრაქტის მართვა მომავალშიც“, − აცხადებს ვაჟა მენაბდე.
კი, მაგრამ სტატიის სათაურში დასმულ მეორე კითხვაზე − რამდენი იქნება საპენსიო სესხის პროცენტი, პასუხი სად არის? − შესაძლოა მისაყვედუროს მკითხველმა და მოკლედ ვუპასუხებ: ამ და კიდევ სხვა ბევრ კითხვაზე პასუხს სატენდერო პირობების გამოცხადების შემდეგ მივიღებთ. დღეისათვის კი სულ ეს იყო და ბოდიში, თუ ყველას ცნობისმოყვარეობა ვერ დავაკმაყოფილე...
სამსონ ხონელი