თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სათათბირო ორგანოს მუშაობა შეაფასა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, 2017 წელს არჩეული საკრებულოს მუშაობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მან განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც, მისი თქმით, თბილისის სწორი ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ კი, ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა.
არჩევნები 2021
ცნობილი გახდა როდის დაიწყებენ მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულოები
საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა კვლავ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს, გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები. ოპოზიციამ „ოცნების“ მმართველობის მთელი დროის განმავლობაში პირველად შეძლო უმრავლესობის მოპოვება ზოგიერთ ქალაქში.
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, იგი მზადაა საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანაშრომლობისთვის.