პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებები მიიღო

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებულმა პროგნოზებმა და მთავრობის ვალის შემცირებამ.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები, რომლის თანახმად შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.
შესწორებებს ხმა მისცა 80-მა დეპუტატმა.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობა ორი მთავარი ფაქტორის გამო დადგა – მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზების გაუმჯობესება და მთავრობის ვალის შემცირება.
აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის ზრდის შესახებ.
როგორ სრულდება საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი: ფინანსთა სამინისტროს ცხრა თვის ანგარიში
მიღებული პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 10%-მდე გაზრდა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის დონეზე (ბოლო პროგნოზით ის 57,2 მლრდ ლარს შეადგენდა).
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 6,7%-ის დონეზე დადგინდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
მიღებული პროექტის მიხედვით, შემოსულობები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 161,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 18,1 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 300 მლნ ლარით და 12,5 მლრდ ლარს შეადგენს.
თბილისის ბიუჯეტი 2022 წელს 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება>>
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დამტკიცებული პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 297,4 მილიონი ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,976 მლრდ ლარს შეადგენს.
ვინ მიიღებს მეტ ფულს
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 376 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 6,5 მლრდ ლარი იქნება.
ამ თანხების ძირითადი ნაწილი მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლას, მათ შორის, საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფიცირებულების მკურნალობას, ტესტირებასა და ვაქცინაციის წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის.
ასევე დამატებით 60 მლნ ლარს მიიღებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ეს თანხები უწყებაში დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.
ბიუჯეტის პროექტი: რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა 2022 წელს
კიდევ 14,3 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების დაფინანსებაზე წავა.
ამავე დროს, 57,9 მლნ ლარით მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. მიზეზია პროგრამა „მეწარმეობის განვითარების“ შემცირება და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ჩავარდნილი ტენდერი.
12 მლნ ლარით შემცირდა საერთო სასამართლოების ხარჯები. შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს ახალი შენობების მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის ათვისება.