თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თითქმის მილიონ სრულწლოვან მოქალაქეს აზარტული ონლაინ-თამაშები აეკრძალება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
გასულ კვირაში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვა ქვეყანაში.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ონლაინ-თამაშების სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა ე.წ. შავი სია და აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნეს-ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება.
აზარტული თამაშების უფლება ასევე შეეზღუდებათ:
სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან
საჯარო მოხელეებს
პირებს, რომელებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით
პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
„ჯამში იმ პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება აზარტულ თამაშებზე წვდომა, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის ათამდე ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.