რატომ შემცირდა კომერციული ბანკების მოგება?

საბანკო სექტორის ერთი თვის სტატისტიკა და ტენდენციები. შემოსავლები, წმინდა მოგება, საკრედიტო პორტფელი და დეპოზიტები.
Sputnik
მივაჩვიე მკითხველი, ყოველი თვის მიწურულს საბანკო სექტორის კონკრეტულ პარამეტრებს ვაცნობ, რაც მას სფეროში არსებულ ტენდენციებში მარტივად გარკვევის საშუალებას აძლევს.
„მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, ამბობს ქართული ხალხური ანდაზა. ჰოდა, გამონაკლისი არც გიორგობისთვე იქნება. ვნახოთ, რა ახალი მწვერვალები დაიპყრო საბანკო სისტემამ ღვინობისთვის განმავლობაში. კითხვაზე საპასუხოდ ეროვნული ბანკის მონაცემებს გამოვიყენებ. თანმიმდევრულად მივყვეთ:
საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები
მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი წარმოდგენილია 14 კომერციული ბანკით, მათ შორის 13 კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყნის კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1,04 მილიარდი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,51პროცენტით გაიზარდა და 59,61 მილიარდი ლარი შეადგინა.
რატომ ძვირდება ცხოვრება და როდიდან დაიწევს ფასები?
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი კი 7,37 მილიარდი ლარია, რაც, ნოემბრის პირველი რიცხვების მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12,36 პროცენტია.
კომერციული საბანკო სექტორის შემოსავლები
კობა გვენეტაძის უწყების სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 472,428 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 337,052 მილიონი ლარი შეადგინა.
საინტერესოა, როგორია კომერციული საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა? ტრადიციულად, კომერციული ბანკების საერთო შემოსავლებში ყველაზე მაღალი საპროცენტო შემოსავლების წილია. ასე იყო ოქტომბერშიც, როდესაც საპროცენტო შემოსავლებმა 400,477 მილიონი ლარი, ანუ საერთო შემოსავლების 84,7 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საბანკო სექტორმა 36,349 მილიონი ლარის შემოსავალი მომსახურების საკომისიო გადასახადებიდან მიიღო, ხოლო საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,870 მილიონი ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება
მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 117,488 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც სექტემბერთან შედარებით 53,671 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,970 მილიონი ლარით ნაკლებია. შარშან ოქტომბერში კომერციული საბანკო სისტემის წმინდა მოგება 166,189 მილიონი ლარი იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ყველაზე დიდი მოცულობის, 294,628 მილიონი ლარის წმინდა მოგება ივნისში მიიღეს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირე იანვარში იყო, როდესაც წმინდა მოგებამ 113,368 მილიონი ლარი შეადგინა.
რაზე მეტყველებს ციფრები?.. ანუ პანდემიური ეკონომიკის კალეიდოსკოპი...
შეგახსენებთ, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ მხოლოდ 99,262 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს წმინდა მოგების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ საბანკო სექტორის წმინდა მოგების მოცულობის შემცირების მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი იყო. გასული წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს მომხმარებლებისთვის საკრედიტო ვალდებულებების რამდენიმე თვით გადავადება მოუწიათ. შედეგმაც არ დააყოვნა, მარტში კომერციული ბანკები 943,130 მილიონი ლარის ზარალზე გავიდნენ. მას შემდეგ საბანკო სექტორი კვლავ წელში გაიმართა და თვიდან თვემდე მხოლოდ მოგებაზე გადის.
კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი
საანგარიშო პერიოდში – მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 690,98 მილიონი ლარით, ხოლო პროცენტულ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1,08 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობამ ნოემბრის დასაწყისში 41,70 მილიარდი ლარი შეადგინა.
ახლა ვნახოთ საანგარიშო პერიოდში სესხების მოცულობა რომელ ვალუტაში რამდენით გაიზარდა და როგორია საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი. ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 368,03 მილიონი ლარით, 1,86 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322,95 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0,34 პროცენტით გაიზარდა.
საით და რატომ იხრება ლარი?..
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ლარში დაკრედიტების მოცულობის ზრდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდას 45 მილიონი ლარით აღემატება, თუმცა, როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს არ ნიშნავს, რომ საკრედიტო რესურსების მომხმარებლებისგან ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებაზე მოთხოვნაა გაზრდილი. არა, ხშირად მომხმარებელი იძულებულია სესხი ლარში აიღოს, რადგან 2018 წლის ზაფხულში დაწესებული საბანკო რეგულაციებით, 2019 წლიდან მოყოლებული კრედიტის უცხოურ ვალუტაში აღება საკმაოდ გართულებულია.
საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მიმოხილვას დავუბრუნდეთ. რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6,55 მილიარდი ლარის, წინა თვესთან შედარებით 2,12 პროცენტით მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 13,48 მილიარდი ლარის სექტემბერთან შედარებით, გაცვლითი ეფექტის გარეშე 0,11 პროცენტით მეტი მოცულობის სესხი. საანგარიშო პერიოდში 372,36 მილიონი ლარით, 1,82 პროცენტით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის ნოემბრისთვის 20,79 მილიარდი ლარი შეადგინა. მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48,42 პროცენტია.
პრობლემური სესხები
დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გაუკვირდება, რომ საქართველოში მსესხებლების 13,3 პროცენტი საკრედიტო ვალდებულებას ვერ ისტუმრებს და ვადაგადაცილება აქვს.
მზარდი ინფლაცია და უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი...
„კრედიტინფოს“ მიმდინარე წლის ოქტომბრის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 239.202 მსესხებელს უფიქსირდება. საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 1,8 მილიონზე მეტ მოქალაქეს საფინანსო სექტორის 30 მილიონ ლარზე მეტი მართებს. მსესხებლების 87,8 პროცენტი საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, 1,6 მილიონამდე მსესხებელს 27,5 მილიონამდე ლარის მოცულობის სესხი კომერციულ ბანკებში აქვს აღებული. 600 ათასზე მეტი მომხმარებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტორია. სესხების მოცულობა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კიდევ 20 ათასამდე ფიზიკურ პირს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის 500 ათას ლარზე მეტი მართებს.
არასაბანკო დეპოზიტები
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის ნოემბრისათვის 36,35 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელს 487,37 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,62 პროცენტით აღემატება.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 210,11 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,62 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 277,26 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ასევე 0,62 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 39,21 პროცენტია.
ასეთია კომერციული ბანკების ოქტომბრის თვის ძირითადი პარამეტრები, თუმცა საბანკო სექტორის ყურადღება ახლა დეკემბრის პირველი დეკადისკენ არის მიპყრობილი. კერძოდ, 8 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე შეიკრიბება და მზარდი, ორნიშნა ინფლაციის პირობებში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის საკითხზე იმსჯელებს. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება კომერციულ საბანკო სექტორსა და საბანკო კრედიტების მომხმარებელთა უდიდეს ნაწილზე პირდაპირ აისახება...
სამსონ ხონელი