თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება მას არ გაუცია.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს პირველად ესწრება. მანამდე საქალაქო სასამართლოში ჩატარდა პროცესები ორ საქმეზე – საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე და საზღვრის უკანონო კვეთაზე.
სააკაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ყველაფერი პოლიციასთან უმნიშვნელო დაპირისპირებით დაიწყო.
„ამის შემდეგ ბევრი ადამიანი გამოვიდა და ავანსცენაზე უკვე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი (ვანო მერაბიშვილი - რედ.). მე ყველაფერს ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც ესმოდათ და რა გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.
ამასთან , მისი თქმით, საპროტესტო აქციების დაშლა „ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა“.
„ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში პრაქტიკულად ძალზე ცოტა ლიდერი აკეთებს. მე გადავდექი. ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1,5 წლით შევამცირე და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ“.
საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს იხილება, სამი ეპიზოდისგან შედგება: აქციის დარბევა, „ტელეიმედში“ შეჭრა და ტელეკომპანიის მფლობელის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისება.
სააკაშვილის თქმით, ნოემბრის აქციების უკან პატარკაციშვილი იდგა, რომელიც, ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის მიერ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებოდა. როგორც მსჯავრდებულმა განაცხადა, აქციის დაშლით, ერთი მხრივ, „რუსეთის გეგმები ჩაიშალა“, მეორე მხრივ კი „ნატოში ინტეგრაციის დაბლოკვა არ მოხდა“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად გამოტანილი აქვს ორ სისხლის სამართლის საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.