დაპირისპირება: ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ

ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები ჩაშალოს.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები კვლავ ხმაურით დაიწყო. იქ მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტების განხილვა მიმდინარეობს. ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია.
ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციონერები, რომლებმაც ბათუმისა და ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოებში უმრავლესობა მიიღეს. უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ბიუჯეტის მიღებას გეგმავს წინა მოწვევის საკრებულო, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს უფლებამოსილებას. ძველ შემადგენლობაში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს.
ოპოზიციონერები დილიდან ყველაფერს აკეთებენ სხდომების ჩასაშლელად. იყენებენ სასტვენებს, ნივთიერებას ცუდი სუნით. პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც ზუგდიდის საკრებულოს მუშაობის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.
ჩხუბი და ლანძღვა-გინება: როგორ განიხილებოდა ბათუმში ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი
როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტს იმიტომ იღებენ, რომ მათ ოპოზიციური საკრებულოების ეშინიათ, რადგან თუ ბიუჯეტის მიღება ორჯერ ჩავარდა, მერისა და საკრებულოს არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
ბათუმში საკრებულოს სხდომა დროებით შეწყდა ცუდი სუნის გამო. სხდომათა დარბაზი გაანიავეს.
ცუდი სუნის მქონე სითხე დარბაზში საკრებულოს მომავალმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" მირდატ ქამადაძემ მოასხა. მისი მტკიცებით, ეს სითხე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.