საპროტესტო აქციები: თბილისსა და ბათუმში აჭარის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციონერზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომელიც გასულ კვირაში გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისებთან, იუწყებიან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტები ადგილებიდან.
სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობების „სირცხვილიას“ და „დროას“ მომხრეები ქუჩაში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამ გამოიყვანა.
ფუტკარაძე გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მის 100 ათას დოლარად მოსყიდვას ცდილობდნენ, რათა საკრებულოში უმრავლესობა მიეღოთ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალება: ოპოზიცია მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს
აქციის მონაწილეებმა თბილისში სირენები ჩართეს. აქციის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს ყველა წევრი შეიკრიბა. ისინი დაშლას არ აპირებენ. მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს თხოვნით მიმართეს, ყურადღებით შეისწავლონ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხი.
აქციის მონაწილეებს გარდაცვლილი დეპუტატის დამ მიმართა.
„გუშინ ჩემი ძმის ჩანაწერები მოვისმინე და შემიძლია ვთქვა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ“, – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძის დამ.
ოპოზიციონერების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ. მმართველ პარტიაში ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დავის საგანი გახდა
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში (სულ 35 ადგილი) „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. შესაბამისად, ახალ საკრებულოში ამჟამად „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.