სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმება 2022 წლის იანვრიდან დაიწყება

ხელისუფლება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებს ხელფასს ავტომატურად დაუნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა დასაქმების პროგრამის დაწყებას 2022 წლის იანვრიდან გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობას სამუშაო ჯგუფის ფორმირება დაავალა, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნით დაკავდება. ამ დროისათვის სამუშაო ჯგუფი აღნიშნული კატეგორიისთვის დასაქმების პროგრამის შემუშავებითაა დაკავებული.
„მინდა დასაქმების პროცესი იანვარში დაიწყოს. შეიძლება სისტემის განახლებასა და შექმნაზე რამდენიმე თვე იყოს საჭირო, მაგრამ ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ გაზაფხული–ზაფხულისთვის ყველაფერი ამუშავდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
ამასთან, პრემიერის თქმით, თავად დასაქმების ფორმა საქართველოსთვის ახალი იქნება.
„ჩვენ ამ ადამიანებს ავტომატურად დავუნიშნავთ ხელფასს და სამსახურს მათი უნარების მიხედვით ვუპოვით. გარდა იმისა, რომ ადამიანს სტატუსი შეეცვლება, იგი მინიმუმ იგივე ანაზღაურებას მიიღებს, რა სოციალური დახმარებაც ჰქონდა. ამასთან იგი შეძლებს მეორე სამსახურის პოვნას, სახელმწიფო კი მას არ გაუუქმებს პირველ ხელფასს, მეორე კი დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმებაში დაეხმარებიან
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დასაქმების პროცესის აღსრულებას კონტროლს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაუწევს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროგრამის განხორციელებაზე.
„ჩვენ მრავალწლიანი პროგრამა გვექნება და მათ ყოველთვის ექნებათ სტაბილური სამუშაო, რამდენადაც ჩვენ უნდა აღვადგინოთ რეგიონები და ეს სამუშაო ამოუწურავია. გარდა ამისა, მოსახლეობას არ ექნება შიში და გაუჩნდება სურვილი იპოვოს მეორე და მესამე სამსახური, რათა საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ახალი მიდგომის მიზეზები
ახალ პროგრამაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა პირველ რიგში არსებული სისტემის ნაკლოვანებებზე ისაუბრა.
„დღეს სოციალურ დახმარებას 600 ათასი ადამიანი იღებს და დიდი ხანია საჭიროა სისტემის შეცვლა, რადგანაც დახმარების მიმღებთა ნაწილი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებაში. ისინი ყოველ თვეში იღებენ დახმარებას და ეს ადამიანები ჩვენ ამ დახმარების მძევლებად ვაქციეთ, რამდენადაც თუ ისინი გაიუმჯობესებენ საკუთარ პირობებს ან იშოვიან სამსახურს, ისინი დახმარებას დაკარგავენ. ასეთი მიდგომა ამ ადამიანებისთვის ტრაგედიაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც
ამასთან მან აღნიშნა, რომ ბევრ საწარმოში მუშახელის ნაკლებობაა, ქვეყანაში კი შრომის კულტურა დაეცა, რომლის აღდგენაც საჭიროა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფინანსურ დახმარებას 633.586 ადამიანი (171.724 ოჯახი) – მოსახლეობის 17% იღებდა.
ფინანსური დახმარების მოცულობა სარეიტინგო ქულებზეა დამოკიდებული – რაც უფრო გაჭირვებულია ოჯახი, მით უფრო ნაკლებია ქულები. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს.