თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველო, რომელიც პანდემიის დასაწყისში იყო მსოფლიოში სამაგალითო ქვეყანა კოროვირუსთან ბრძოლაში, წელიწადნახევრის შემდეგ ანტილიდერი გახდა.
საქართველო უსწრებს თავის მეზობლებს სამხრეთ კავკასიაში - სომხეთსა და აზერბაიჯანს - როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ასევე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვით. გასული კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 70 პაციენტი იღუპებოდა. ორჯერ ნაკლებია დაღუპულთა რიცხვი სომხეთში - დაახლოებით 35, ხოლო კიდევ უფრო ნაკლებია აზერბაიჯანში - დაახლოებით 25.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საშუალოდ 4,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში – 1,8 ათასს, სომხეთში – 700-ს. ამრიგად, თუ შევადარებთ ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, სომხეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რეგიონში.
საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი გადაიტანა 334.878 ადამიანმა, აზერბაიჯანში – 576.703-მა, ხოლო საქართველოში – 819.182-მა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა (10,1 მლნ) თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას (3,7 მლნ). სომხეთში 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს - 44,8%. საქართველოში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,4%. გაცილებით ნაკლებია აცრილების რაოდენობა სომხეთში - მხოლოდ 12,6%.
აზერბაიჯანში ვაქცინაცია დაიწყო იანვარში, საქართველოში - მარტში, ხოლო სომხეთში - აპრილში.