წინამდებარე სტატიაში ჩვენი დროების ჯერ საფინანსო-ეკონომიკური სისტემის რამდენიმე პარამეტრს მიმოვიხილავ... საბანკო სფეროს შემოსავლები, ხარჯები და მოგება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის დაზუსტებული მონაცემებით; ფულადი გზავნილებისა და მოგზაურობიდან ოქტომბერის თვეში მიღებული შემოსავლების მოცულობა, უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში და საარსებო მინიმუმი, − ასეთია საკითხთა ჩამონათვალი. თანმიმდევრულად მივყვეთ.
საბანკო სფერო. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა და 1.64 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი, როგორც გასული, ასევე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია. მთლიანობაში მიმდინარე წლის ცხრა თვეში კომერციულმა ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.42 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 25 პროცენტით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.01 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად, კომერციული ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 პროცენტით გაიზარდა და1.81 მილიარდ ლარს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში 18 პროცენტით გაიზარდა იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი, რომლის მოცულობამაც 1.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან კომერციულმა ბანკებმა ჯამში 343 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 48 პროცენტით მეტია... რაც შეეხება ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 960 მილიონი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორმა თავისი კრედიტების მომსახურებაზე 554 მილიონი ლარი დახარჯა. კომერციულმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 577 მილიონი ლარი გასცეს. მიმდინარე წელს 14 პროცენტით გაიზარდა საბანკო სექტორის ადმინისტრაციის დააპარატის შენახვის ხარჯები.
ფულადი გზავნილები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 206.7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.7 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსები ფულადი გზავნილების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, სამუშაოდ უცხოეთში მიდის და ოჯახს ფულს უგზავნის. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის ვითარებაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ამდენივეს შემოსავალი შეუმცირდა და საზღვარგარეთ მყოფ მათ ნათესავებს უფრო მეტი ფულის გამოგზავნა უწევთ მათ სარჩენად.ინფლაცია იმდენად გაიზარდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელფასით ცხოვრება შეუძლებელი გახდა და დახმარებას საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებს სთხოვენ... ანალიტიკოსები ასევე მიანიშნებენ, რომ COVID-19-ის
პანდემიის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა და ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და, შესაბამისად, აღირიცხებოდა კიდეც.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა, 36.25 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, მომდევნო პოზიცია 33.05 მილიონი დოლარით იტალიას უკავია. პირველ სამეულში მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც 23.71 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც, რამაც 30.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
ტურიზმი და საერთაშორისო მოგზაურობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს 220.705 საერთაშორისო მოგზაური ესტრუმრა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 324 პროცენტით მეტია და 2019 წლის ოქტომბრის ამავე მაჩვენებელზე 71.8 პროცენტით ნაკლებია. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით 127.1 მილიონი დოლარით ანუ 9.4-ჯერ არის გაზრდილი და 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 124.6 მილიონი დოლარით, 46.7 პროცენტით ნაკლებია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 188.751 შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბერის თვესთან შედარებით 331.5 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 57 პროცენტით ნაკლებია.
მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 1.522.139 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით, ხოლო 2019 წლის ათთვესთან შედარებით 81 პროცენტით ნაკლებია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 1.281.524 შეადგენს, რაცგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით მეტია, ხოლო2019 წლის 10 თვესთან შედარებით 71.1 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის სფერო თანდათან ძალას იკრეფს, თუმცა COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
უმუშევრობის დონე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.5 პროცენტს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია დასაქმების დონეც. კერძოდ, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტით...
უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით ტრადიციულად მაღალია კაცებში. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალებში უმუშევრობა
2.1 პროცენტით, ხოლო კაცებში 2.9 პროცენით გაიზარდა. რაც შეეხება დასაქმების ზრდას სქესის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დასაქმების დონე 1 პროცენტით გაიზარდა ქალებში, ხოლო კაცებში − 0.4 პროცენტით.
დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
და ბოლოს, საარსებო მინიმუმი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. კერძოდ, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 7.90 ლარით გაიზარდა და ჯამში 224.2 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთ თვეში 6.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.5 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა ორმოცი დასახელების პროდუქტისგან შედგება. მათ შორის არის – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
რატომ გაიზარდა საარსებო მინიმუმი?.. დარწმუნებული ვარ, არ დამელოდებით და პასუხს დამასწრებთ. ბრძანებთ, ფასები ყველა მიმართულებით კატასტროფულად იზრდება და ცხოვრება ძვირდება!.. სიცრუის დეტექტორი ჩართული არ არის, მაგრამ ფაქტია, ეს პასუხი არის სიმართლე!.. საკამათო არ არის, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მთავარი გამოწვევაა. როგორ და როდისთვის აპირებს მთავრობა შეაჩეროს ინფლაცია? ამ კითხვაზე პასუხით ერთ-ერთ მომდევნო სტატიაში დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი