თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმდა.
სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა ადვოკატთან ხუთსაათიანი კონსულტაციის შემდეგ განაცხადა. ამ წინადადებით დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოვიდა.
„კიდევ რაღაც სისულელე რომ არმოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვაცადოთ ახლა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის დასრულებამდე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა „ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“.
დღესვე შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანას მოითხოვდნენ.