თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვებაზე. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მორავეცკის აზრით, გერმანიამ „დამატებითი ფულები არ უნდა უხადოს ვლადიმირ პუტინს ენერგორესურსების გადასახადის სახით“, რაც მას შეიარაღების გაზრდაში დაეხმარება, არამედ, თუ მშვიდობა სურს, საერთოდ უნდა შეაჩეროს რუსული პროექტი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რას ეტყოდით გერმანიის სავარაუდო კანცლერ ოლაფ შოლცს რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით“, მორავეცკიმ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უნდა შეჩერდეს“.
მანამდე, 17 ნოემბერს გერმანელმა მარეგულირებელმა დროებით შეაჩერა გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიკაციის პროცესი მანან, სანამ ის გერმანულ შვილობილ კომპანიას არ ჩამოაყალიბებს გერმანიისავე კანონმდებლობის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ ევროპაში გაზის ფასმა მატება, ხოლო „გაზპრომის“ აქციებმა გაიაფება დაიწყო.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.