თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაციის გადმოწერას App Store-დან ან Google Store-დან შეძლებენ. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.
„დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App Store-დან ან Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR–ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღიბრაძემ.
ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც იქნება წარმოდგენილი QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად შეინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.
გარდა ამისა, QR–კოდის მქონე ელექტრონული „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს პლატფორმიდან ან იუსტიციის სახლში მისვლით.
კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე პასპორტი უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული კოვიდ-პასპორტების გამოყენება ხვალიდან მოქალაქეებს უცხოეთში ვიზიტების დროს შეუძლიათ. ამასთან, ღიბრაძის თქმით, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მოქალაქემ, თუნდაც გააჩნდეს კოვიდ-პასპორტი, ამ ქვეყნის კოვიდ-რეგულაციებს მაინც უნდა გადახედოს.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.
ორშაბათს ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტი აღიარა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი სრული ვაქცინაციის შესახებ, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ.