თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. შესაბამისი დოკუმენტი ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
„საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
„შესანიშნავი სიახლე! საქართველო შეუერთდა კოვიდ-სერტიფიკატების ევროპულ სისტემას და ამით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველო კვლავ ერთგულია დასავლეთის ფასეულობებისა და პრინციპებისადმი და მზადაა განაგრძოს მუშაობა თავის ევროპელ პარტნიორებთან", – დაწერა ზალკალიანმა „ტვიტერში".
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში. QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის (ორი დოზის) გავლის შემდეგ.