თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხუთი მამაკაცის მიერ სასტიკად ნაცემი ქალის ისტორია შეისწავლა და დასკვნა გამოიტანა.
კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა სოფელ ლამბალოში მცხოვრებ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა საჯარო ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი ქალის შვილებისთვის. ასევე, დასკვნის მიხედვით, ხელისუფლებამ ობლად დარჩენილ ბავშვებს, რომლებიც დედის სიკვდილის მომენტისთვის 7 და 11 წლის იყვნენ, მორალური და მატერიალური ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა. როგორც CEDAW-ის დასკვნშია მოთხრობილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ხანუმ ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხნენ ქმარი და მისი ნათესავები, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ მან რამდენჯერმე დაკარგა გონება.
იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ ატირებული ქალი დახვდა. ის შველას ითხოვდა, ვინაიდან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. მაგრამ პოლიციამ არც ნათესავები დააკავა და არც ქალი გადაიყვანა საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით კვლავ დედასთან დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.
მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი გააპატიოსნეს, თქვეს, რომ მისი სამოსი სისხლით იყო გაჟღენთილი. მოწმის ჩვენებით, ის „სასიკვდილოდ იყო ნაცემი“. მაგრამ პოლიციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
მართალია საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ქმრის ოჯახის წევრების თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო.
CEDAW მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.