დოსტოევსკი და საქართველო – ამბავი არა სიყვარულისა, არამედ აღფრთოვანებისა

დოსტოევსკი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოჩენილი რუსი მწერალია, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ლიტერატურისა და, ზოგადად, კაცობრიობის სულიერ განვითარებაზე. გამონაკლისი არც საქართველოა.
Sputnik
დოსტოევსკი საქართველოში არასდროს ჩამოსულა. მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ მას და საქართველოს შორის, სადაც ამ მწერალს ასე აღმერთებენ, კითხულობენ, თარგმნიან, დგამენ სპექტაკლებს, უყურებენ და უყვართ, პირდაპირი კავშირი არ ყოფილა.
დოსტოევსკი
მწერლის 200 წლის იუბილეზე „Sputnik-საქართველო“ მკითხველს ამ საკულტო მწერლის შესახებ მოუთხრობს.
დოსტოევსკი.GE
„დოსტოევსკის ფილოსოფიამ გავლენა იქონია ყველაზე და ყოველი თაობა მას ახლებურად იაზრებს, – ამბობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სლავური ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარია ფილინა. – უდავო ფაქტია, რომ დოსტოევსკი არის აბსოლუტური ფიგურა არათუ კულტურის, არამედ კაცობრიობის მონაპოვარის ისტორიაში, რადგან არ არსებობს შემოქმედებითი საქმიანობისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების არცერთი სფერო, რომელზეც ფიოდორ დოსტოევსკის ძლიერი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია".
მარია ფილინა
ამასთან, ფილინას სიტყვებით, XIX საუკუნის საქართველოში დოსტოევსკის, სხვა რუს კლასიკოსებთან შედარებით, ნაკლებად თარგმნიდნენ. უბრალოდ მაშინ მის ნაწარმოებებს ყველა ორიგინალში კითხულობდა. „ახლა კი წამოიზარდა თაობა, რომელიც, სამწუხაროდ, რუსულად აღარ კითხულობს, – აღნიშნავს პროფესორი. – ამიტომ დოსტოევსკის თარგმნის საკითხი ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია".
ფილინას თქმით, თუ დოსტოევსკის სამყაროს და იმ დროის საქართველოს გადავხედავთ, ქართველი ლიტერატორებისა და დოსტოევსკის სწრაფვებს შორის ერთგვარი უფსკრული იყო.
„დოსტოევსკი არ იყო ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში, – აღნიშნავს მარია ფილინა. – თუმცა არ ვამბობ, რომ ის არ აინტერესებდათ. ვფიქრობ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ, მაგალითად, „თერგდალეულები“ მეტად იყვნენ დაინტერესებული იმ მწერლებით, რომელთა საზოგადოებრივი შეხედულებები თანამედროვეობისკენ იყო მიმართული, მკაფიოდ გამოხატული საჭირბოროტო ჟღერადობა ჰქონდა. მათი ყურადღების ცენტრში ექცეოდა განმათავისუფლებელი იდეები. დოსტოევსკიზე კი, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერს უღრმავდებოდა, მოთხოვნა არც ისე მაღალი აღმოჩნდა. თუმცა ილია ჭავჭავაძის შრომებსა და მოგონებებში დოსტოევსკი ნახსენებია, აკაკი წერეთელს კი, რომელიც ნეკრასოვის დაკრძალვას ესწრებოდა, მოჰყავს დოსტოევსკის სიტყვები, წარმოთქმული პოეტის კუბოსთან".
დოსტოევსკი
„დოსტოევსკი წუხდა, რომ მიმდინარეობდა კაცობრიობის ძირეული ფასეულობების რღვევა, – ამბობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, – ხოლო ქართველი მწერლებისა და საზოგადოებისთვის XIX საუკუნის ბოლომდე დამახასიათებელი იყო სწრაფვა პროგრესისაკენ და მისი რწმენა. რეალიზმის ეს მიმართულება – რწმენა, რომ ადამიანი სამყაროს შეცნობის გზით უახლოვდება მორალურ პროგრესს, ქართველ მოღვაწეებთან უფრო ახლოს იდგა, ვიდრე დოსტოევსკის სამყარო თავისი აგზნებული და ნგრევის პროცესში მყოფი ცნობიერებით“. შეიძლება ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ქართველი ლიტერატორები მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მწერლებს ერთიანი, მთლიანი და არა ისეთი წინააღმდეგობრივი სამყაროთი, როგორიც დოსტოევსკისთან გვხვდება, ამბობს ფილინა.
მიზიდულობა არა ლიტერატურული, არამედ ფსიქოლოგიური
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: დოსტოევსკიმ, ბუნებრივია, ქართველი მკითხველისა და მთელი კულტურის ცნობიერებაში ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ ფსიქოლოგიურ კონტექსტში, აღნიშნავს ფილინა.

„ფიოდორ დოსტოევსკი ხომ პირველი აღმომჩენი იყო მრავალ სფეროში. მაგალითად, ქვეცნობიერის რაღაც მომენტებზე დოსტოევსკიმდე სხვა ავტორებიც საუბრობდნენ, მაგრამ მან მთელი სამყარო სულ სხვაგვარად წარმოგვიდგინა, ამბობდა, რომ ადამიანს მართავს არა იმდენად გონება, რამდენადაც ქვეცნობიერი. სწორედ ეს დაედო საფუძვლად XX საუკუნის მთელ ფილოსოფიას. საინტერესოა, რომ დოსტოევსკისგან ყველამ ის გადმოიღო, რაც თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვალა", – ამბობს ფილოლოგი.

როგორც ფილინა ამბობს, მას აოცებს, რომ დღეს თანამედროვე საქართველოში ბევრ სტუდენტს სურს წეროს და წერს კიდეც დოსტოევსკიზე. „ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი წერდა ქალთა სახეებზე, ანუ ნასტასია ფილიპოვნაზე და აგლაია ეპანჩინაზე, – ჰყვება პედაგოგი. – მეორე - სამართლებრივ ნორმებზე დოსტოევსკისთან, დღეს ესოდენ მოდურ გენდერულ პრობლემებზე. და ეს ყოველ ჯერზე მაოცებს. თუმცა დოსტოევსკი ხომ ცხოვრების ტრაგიკული მხარეა. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ აღწერდა ადამიანურ ტანჯვას, განცდებს. დღევანდელ ახალგაზრდობას კი ეს აინტერესებს. როგორც ჩანს, რაღაც შინაგანი უთანხმოებაა, რომელსაც დღეს ადამიანი განიცდის ყველა ჩვენი პრობლემის გამო, რაც დოსტოევსკის ახლებურად დანახვის შესაძლებლობას იძლევა".
დოსტოევსკი
„დღევანდელი ადამიანისთვის დოსტოევსკი იმითაა მიმზიდველი, რომ იგი წინასწარმეტყველივითაა, – ამბობს ფილინა. – ის ამბობდა, რომ თუ მორალური, ოჯახური ფასეულობები არ მართავს მსოფლიოს, მაშინ ადამიანში ადამიანური ნადგურდება. ეს შეგრძნება დღეს საქართველოში ადამიანებისთვის ძალიან ნაცნობია. ჩვენი ქვეყანა ხომ ველური კაპიტალიზმის იმ ეტაპზე აღმოჩნდა, როგორც მთელი პოსტსაბჭოური სივრცე, როდესაც ყველა ფასეულობა დაინგრა... სწორედ ამაზე წერდა დოსტოევსკი. ის ხომ ისწრაფვოდა სულის გადარჩენისა და კაცობრიობის აღორძინებისკენ, როდესაც თანაუგრძნობდა უპოვრებსა და დამცირებულებს, გული შესტკიოდა თავის გმირებზე. მის სიტყვებზე "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს" დღემდე მსჯელობენ მოაზროვნეები და რიგითი მკითხველები. ამიტომ, ვფიქრობ, მას კვლავაც ხშირად მოიშველიებენ ხოლმე".
სტუდენტების სიმპათია და განსხვავებული აზრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იზარდი ქავთარაშვილი, რომელმაც დოსტოევსკის რომანზე „დანაშაული და სასჯელი" სადიპლომო ნაშრომი დაწერა, აღიარებს, რომ ამ თემას ხელი მოჰკიდა იმ იდეებისა და პრობლემების გამო, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
„თანამედროვეობამ დღემდე ვერ გადალახა ეს პრობლემები, – ფიქრობს იზარდი. – ჩემი აზრით, ეს საკითხები არც მომავალში ამოიწურება ბოლომდე. ჩემი ნაშრომი დასათაურებული იყო ასე: "რასკოლნიკოვის იდეა რომანში „დანაშაული და სასჯელი". შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა რასკოლნიკოვის პერსონაჟზე „მუშაობა". თუმცა, არ დავმალავ, რთული იყო მისი გაგება და გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მე, რასაკვირველია, არ ვეთანხმები მის შეხედულებებს, მისდამი სიმპათია არ გამნელებია".
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
მოულოდნელი დოსტოევსკი — ენამწარე სატირიკოსი და დეტექტივების ავტორი
იზარდი ქავთარაშვილის თქმით, სადიპლომო ნაშრომის წერისას იგი ბევრს ფიქრობდა დოსტოევსკის კავშირზე საქართველოსთან. „მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, – იღიმება ფილოლოგი. – ამის მიუხედავად, დღეს დოსტოევსკის შემოქმედება ცოცხლობს საქართველოში, მას აქტიურად კითხულობენ. ის საინტერესოა ქართველებისა და საქართველოსთვის. მის მიმართ ინტერესი არის და მომავალშიც იქნება, დარწმუნებული ვარ".
დოსტოევსკი ქართულ სცენაზე
თანამედროვე თბილისი – 2021 წელი, კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. ქართული თეატრების სცენაზე დოსტოევსკი მოდიდან არ გამოდის ესოდენ რთულ პერიოდშიც კი. სწორედ ამ ეპიდემიის დროს, ტოტალური ე.წ. ლოკდაუნის პირობებში მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი „დანაშაული და სასჯელი".
როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მარჯანიშვილის თეატრში ძალადობის თემაზე ტრილოგიის დადგმა სურდათ. მისი პირველი ნაწილი იყო „კრეიცერის სონატა", რომელიც ოჯახურ ძალადობას ეძღვნება. მეორე ნაწილი – დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი", რეჟისორების ლევან წულაძისა და თემო კუპრავას ჩანაფიქრით, მოწოდებული იყო, ეჩვენებინა წარმატებისკენ სწრაფვა ძალადობის გზით და ამავდროულად ამ მანკიერების დამანგრეველი ძალის მრავალწახნაგოვნება.
სცენა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან „დანაშაული და სასჯელი"
„პანდემიამ გვაიძულა გაგვეგრძელებინა ამ სპექტაკლის რეპეტიცია ცხრა თვის განმავლობაში. დრომ შემოქმედებით გუნდს შესაძლებლობა მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა ამ გენიალურ ნაწარმოებს და ამით დიდი საჩუქარი მიეძღვნა საკუთარი თავისთვის, ინტელექტუალებისთვის და არა მხოლოდ მათთვის", – აღნიშნავდნენ მაშინ თეატრში.
საინტერესოა, რომ ტრილოგიის მესამე ნაწილზე თეატრში ჯერ კიდევ ფიქრობენ. არ გამორიცხავენ, რომ ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის „ეშმაკნი", რომელიც ეხება ძალადობას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში.
ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებების მიხედვით საქართველოში მაინცდამაინც ბევრი სპექტაკლი არ არის დადგმული, მაგრამ ყოველთვის ძალიან ნატიფი და ღრმად გააზრებულია. ერთ-ერთი ასეთი დადგმა იყო ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის, რეჟისორ ანდრო ენუქიძის სპექტაკლი.
Спектакль "Преступление и наказание" в Театре Марджанишвили
„დოსტოევსკის მიმართ ინტერესი განპირობებულია ინტერესით კარგი ლიტერატურისადმი ნებისმიერ თეატრში – საქართველოში, ესტონეთსა თუ საფრანგეთში, – ამბობს ანდრო ენუქიძე. – თეატრი ხომ ყოველთვის ეძებს საინტერესო ლიტერატურულ პირველწყაროს. დოსტოევსკი კი დიდი მწერალი და კლასიკოსია. მეორეა – გემოვნების საკითხი. მე აბსოლუტურად არ ვარ ორიგინალური და ვაღიარებ პოსტულატს დოსტოევსკის გენიალურობაზე. უბრალოდ ის ბავშვობიდან ძალიან მიყვარს".
შეუძლებელია, არ გიყვარდეს, რადგან მისი ექსპრესიულობა, მისი დამონტაჟებული ფსიქოლოგიზმი ისეთია, როგორიც კარგ კინოში, ამბობს რეჟისორი.
რეჟისორი ანდრო ენუქიძე
„კითხულობ დოსტოევსკის და ის თითქოს კადრებად გადაგიშლის ნებისმიერ კონფლიქტს, შეუძლებელია ამან არ აგაღელვოს, – ამტკიცებს რეჟისორი. – დოსტოევსკი – ესაა უდიდესი ავტორი სტიგმების კოლოსალური რაოდენობით, ავტორი, რომელსაც, ერთმა ღმერთმა უწყის, რა ცოდვებს აღარ მიაწერენ. მისი ნაწარმოებების გარჩევა ყოველთვის საინტერესოა, მინიდეტექტიური გამოძიებასავითაა. ყოველთვის საინტერესოა ექსპრესიულ და ძალიან ინტენსიურ ავტორთან მუშაობა მისი მსოფლმხედველობის, სრულყოფილი მაქსიმალიზმის გათვალისწინებით, რომლითაც ის ქმნის კონფლიქტებს თავის თხზულებებში".
ანგელოზიც და მხეციც
ანდრო ენუქიძემ დოსტოევსკი სამჯერ დადგა, თანაც ერთი და იგივე ნაწარმოები – „მკვდარი სახლის ჩანაწერები". ამ თხზულებიდან რეჟისორმა აიღო პატიმრების მხოლოდ ოთხგვერდიანი დიალოგი. ნაწყვეტში ერთი გმირი უყვება მეორეს, როგორ მოკლა ცოლი. მოთხრობის სახელწოდებაა „აკულკას ქმარი". თავის სპექტაკლს კი ენუქიძემ დაარქვა „დოსტოევსკი.ru".

„ეს დადგმა ძალიან მიყვარს, – აღნიშნავს რეჟისორი. – მასში მონაწილეობს მოქმედი გმირების კოლოსალური რაოდენობა პატარა სცენაზე. მაშინ ეს სპექტაკლი დავდგი თეატრის ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის თხოვნით. მან ნახა ჩემი წარმოდგენა, რომელიც ომსკში მქონდა დადგმული, და მთხოვა, ის გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გადმომეტანა. გადმოტანა ვერ მოხერხდა. ჩვენ სრულიად სხვა სპექტაკლი დავდგით, სხვა მოტივებით, მაგრამ ინსცენირება იგივე იყო – ნოველა „აკულკას ქმარი".

საქართველოში დოსტოევსკის კიდევ ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სპექტაკლი „მარადი ქმარი" მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა გამოჩენილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ.
„ეს სპექტაკლი იყო ნამდვილი გულის გადახსნა ქართველი მაყურებლის მთელი თაობისთვის. – იხსენებს ენუქიძე. – ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი, დამაჯერებელი სამსახიობო და რეჟისორული ნამუშევარი. ის ბევრჯერ აჩვენეს ფესტივალებზე სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის რუსეთში, სადაც წარმოდგენამ კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა".
ავთანდილ ვარსიმაშვილიც რამდენჯერმე შეეჭიდა დოსტოევსკის. პირველად კინოში – ფილმი „თვინიერი" 1989 წელს გადაიღო. ეს იყო საბჭოთა-იტალიური სურათი, რომელიც იტალიის ტელეარხებზე დღესაც გადის.
დოსტოევსკის 200 წლისთავთან დაკავშირებით გრიბოედოვის თეატრი „თვინიერს" წარმოადგენს
რაც შეეხება წარმოდგენებს გრიბოედოვის თეატრში, სპექტაკლი „თვინიერი", რა თქმა უნდა, განსხვავდება ფილმისგან. ვარსიმაშვილმა ის სპეციალურად გრიბოედოვის თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობის ვალერი ხარიუტჩენკოსთვის დადგა.
დოსტოევსკიზე საუბრისას გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: დოსტოევსკი ახლობელია არა ქართველისთვის, არამედ ადამიანისთვის.
„დოსტოევსკი ახლობელია აბსოლუტურად ყველასთვის, რადგან ისე ვერავინ აშიშვლებს ადამიანის სულს, ვერავინ აჩვენებს ერთდროულად ადამიანურ ბოროტებასა და ნათელ სულს, ანგელოზსა და მხეცს ერთ სხეულში, როგორც დოსტოევსკი", – ამბობს ვარსიმაშვილი.
„არ მეგულება სხვა ისეთი მწერალი, რომელიც ასე სკრუპულოზურად აღწერს ადამიანს, დამანგრეველ პროცესს, ასე ვერავინ გადმოსცემს ადამიანურ ტანჯვას, მის განცდებს. ამიტომ შეუძლებელია მან არ აღგაფრთოვანოს. მისი სიყვარულიც კი არ შეიძლება, ამ უდიდესი მწერლით უნდა აღფრთოვანდე. ვერ ვიტყოდი, რომ იგი ქართველებისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე იაპონელებისთვის, რომლებიც ასევე გიჟდებიან მასზე. ამ ქვეყნად არ არსებობს ეროვნება, რომელსაც დოსტოევსკი არ უყვარს".