ევროკავშირი „აეროფლოტისა“ და Turkish Airlines-სთვის სანქციების დაწესებას აპირებს

Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის ხელისუფლება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტისთვის“ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შექმნაში მონაწილეობის გამო ბელარუსის წინააღმდეგ შეზღუდვების ახალი პაკეტის ფარგლებში, იუწყება Bloomberg-ი ანონიმ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.
როგორც წყარო ირწმუნება, გარდა რუსული კომპანიისა, სანქციები ასევე შეიძლება შეეხოს თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-საც, რომელიც ასევე მიიჩნევა ბელარუსის გავლით მიგრანტების ევროკავშირის საზღვრებამდე გადაყვანის მონაწილედ.
მსოფლიო დღეს
პასუხისმგებელია მინსკი: ნატო მიგრაციულ კრიზისში ბელარუსს ადანაშაულებს
ახალი შეზღუდვები, რომლებსაც აშშ და დიდი ბრიტანეთიც დააწესებენ, სავარაუდოდ, მომდევნო თვის დასაწყისში გამოცხადდება, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც ადასტურებს.

„ჩვენ გავაფართოვებთ სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, შეერთებულმა შტატებმა უკვე მოამზადა სანქციები, რომლებიც ძალაში დეკემბრის დასაწყისში შევა“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, „აეროფლოტთან“ დაახლოებულმა წყარომ РБК-სთან კომენტარში აღნიშნა, რომ ავიაკომპანია არ ახორციელებს რეისებს იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც ტრადიციულად მოედინება მიგრანტების ნაკადები. ახლო აღმოსავლეთში „აეროფლოტი“ დაფრინავს მხოლოდ ეგვიპტეში, ისრაელში, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ამასთან, როგორც РИА Новости წერს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა პოლონეთის პრემიერის მათეუშ მორავეცკის ბრალდებას, რომ მოსკოვი პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის მონაწილეა, უპასუხისმგებლო და მიუღებელი უწოდა.
შოკისმომგვრელი კადრები პოლონეთ-ბელარუსის საზღვრიდან — ვიდეო
მიგრაციული კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან, საითაც წლის დასაწყისიდან დაიძრნენ არალეგალი მიგრანტები, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. ბელარუსი–პოლონეთის საზღვარს ერთბაშად რამდენიმე ათასი ადამიანი მიაწყდა და პოლონეთში შესვლა სცადა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ.