ირინა ალქსნისი
თანამედროვე უკრაინის მსოფლიოს იდეოლოგიურ-პოლიტიკურ სურათში ორი მჭიდროდ დაკავშირებული კონცეფცია განსაკუთრებით პოპულარულია. პირველი ეხება „უკრაინული მიწების შეგროვების“ აუცილებლობას, რაშიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები — კრასნოდარის მხარე, ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქები მოიაზრება, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ქვეყნისთვის სახელის შეცვლაა საჭირო — მას რუს-უკრაინა (Русь-Украина) უნდა ეწოდოს.
ამ დღეებში ეს იდეა კვლავ გააჟღერა ერთმა კიეველმა მწერალმა და ფილოსოფოსმა. ზაფხულის ბოლოს იგივე თქვა პრეზიდენტის აპარატის უფროსის ალექსეი არესტოვიჩის მრჩეველმა. სხვათა შორის, ოქტომბერში მანვე წამოაყენა წინადადება, ეწოდოს უკრაინულ ენას „რუსული“. ხოლო რამდენიმე თვის წინ თემაზე „მოსკოვიტებმა უკრაინელ ხალხს მოპარეს ენა, მართლმადიდებლური რწმენა, ქვეყნის სახელი, ახლა კი დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი დაგვიბრუნონ“, კიდევ ერთმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა ისაუბრა ვრცლად (თანაც ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა და მენეჯმენტის ეროვნული აკადემიის პროფესორმა).
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ საქმის არსს თუ გადავხედავთ, ამ მიდგომაში არის გარკვეული უხეში სიმართლე. საბერძნეთი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და მეზობელი ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მოითხოვდა. და თითქმის სამი წლის წინ მიაღწია კიდეც თავისას. ახლა იქ ჩრდილოეთი მაკედონიაა და არა უბრალოდ მაკედონია.
ისტორიას და სახელს თავისი ძალა აქვს, ასე რომ, დაკვირვება „იახტას რა სახელსაც დაარქმევ, ისეც გაცურავს“, ცარიელ ადგილზე არ დაბადებულა. უკრაინას კი, უფრო სწორად, თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოს ამაში არც ერთი თვალსაზრისით არ გაუმართლა.
კიევმა, იყო რა ძველი რუსეთის დედაქალაქი, გული და „სვეტი“, თითქმის ათასი წლის წინ განიცადა სახელმწიფო-პოლიტიკურ დაცემა. ხოლო მონღოლთა შემოსევამ სამხრეთ-დასავლეთი რუსეთი გაანადგურა, გადააქცია რა ის რუსული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრიდან ფრონტირად.
შედეგად, უკიდურესად მშფოთვარე მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემდეგ ამ ტერიტორიას სრულიად განსხვავებული სახელები ეწოდა: მალოროსია, ნოვოროსია და, ბოლოს, უკრაინა. მაგრამ ყველა მათგანი ხაზს უსვამს რუსეთთან მიმართებაში პერიფერიულობასა და დაქვემდებარებას და, შესაბამისად, შეურაცხმყოფლად შეუსაბამოა თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოსთვის.
ამ ჩიხიდან გამოსავალი უკრაინელმა იდეოლოგებმა იპოვეს, თავისებურად მახვილგონივრულიც კი. ქვეყნის ისტორიიდან ფაქტობრივად ამოიშალა ბოლო ათასი წელი და ის გაუთავებელი გაჭირვების, გენოციდის, კოლონიალური დამოკიდებულებისა და რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფო-ისტორიული მემკვიდრეობის მითვისების ბნელ პერიოდად იქცა.
და იმისათვის, რომ მრავალსაუკუნოვანი დაცემის ეპოქა გადალახოს, დაიბრუნოს საკუთარი, უკრაინა ძველი კიევის კეთილდღეობისა და სუვერენული სიდიადის პერიოდს მიმართავს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სახელის გადარქმევა, რათა ყველას შეახსენონ, საიდან რა მოვიდა. და, კიდევ, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის მაშინდელ საზღვრებში ისე, როგორც ეს კიევში წარმოუდგენიათ.
მიუხედავად გარეგნული აბსურდულობისა, ეს კონსტრუქცია არც ისე სულელურია. ისტორია ყოველთვის იყო და რჩება ღრმად იდეოლოგიზებულ მეცნიერებად, ხოლო კაცობრიობამ რა სახის პოლიტიკური ექსპერიმენტი აღარ ჩაატარა საკუთარ თავზე მისი გამოყენებით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ გასული საუკუნის ლომის წილი რუსული საზოგადოება კომუნისტური იდეოლოგიის ფარგლებში იზრდებოდა, მათ შორის, ისტორიის სფეროშიც. ახლა დასავლეთში კრიტიკული რასობრივი თეორია აგრესიულად იბრძვის საჯარო და აკადემიურ სფეროებში დომინირებისთვის და წარმატების კარგი შანსებიც აქვს.
ასე რომ, კიევისთვის პრობლემა იმაზე ოცნება კი არ არის, რომ თავი დაიმკვიდროს მსოფლიო დონეზე, როგორც ძველი რუსეთის მთავარმა, უფრო სწორად, ერთადერთმა მემკვიდრემ. პრინციპში, ნებისმიერი ოცნება მიღწევადია, თუ ამას მიზანმიმართული ძალისხმევა მოხმარდება — და სწორედ აქ არის კონცენტრირებული უკრაინისთვის გადაულახავი დაბრკოლებები. რამდენადაც კარგად აქვს საქმე რუსეთის სამხრეთ-დასავლელ მეზობელს კრეატიული იდეების მხრივ, იმდენად ცუდადაა საქმე მათ ხორცშესასხმელად რეალური მუშაობის მხრივ.
სწორედ ამიტომ რუსეთი, რომელმაც თავისი ამჟამინდელი სტატუსი მრავალსაუკუნოვანი უმძიმესი განსაცდელებითა და საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლით მოიპოვა, მეზობლების იდეურ-შემოქმედებით აღმოჩენებს მხიარული გაოცებით შესცქერის. კიევის ნებისმიერ ექსპანსიონურ ოცნებაზე მას შეუძლია მხრები აიჩეჩოს და საკრალურად უპასუხოს: „მოდი და წაიღე“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს