თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს, განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ ღოღაძემ ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს, საღამოს გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული.
ღოღაძის თქმით, ექს-პრეზიდენტის ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მანქანით განხორციელდა.
„ამ წუთებში სააკაშვილი პალატაში იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ, იზოლირებულია, მის პერიმეტრზე არ არიან პატიმრები. მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, ის გადმოიყვანეს და შეასახლეს მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს მის საქმესთან და მის გადმოყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილი აპროტესტებს რუსთავის ციხიდან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას. იგი უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას. იგი მოითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“, – განაცხადა ღოღაძემ.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარდა, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფიანის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.
ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.