თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ბუსტერ დოზის ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.
„ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამას, ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა გაბუნიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.
დღემდე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ექვემდებარებოდნენ 50 წელს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები, რომელთაც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრიდან ექვს თვეში შეუძლიათ.
რაც შეეხებათ საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოგზაურებს, რომლებიც „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ არიან აცრილი, მაგრამ მიდიან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ამ ორ ვაქცინას არ აღიარებს, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დამატებით შეუძლიათ „ფაიზერის“ ორი დოზით აიცრან.
„მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი, ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით ორი დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, – განაცხადა გაბუნიამ.
7 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.048.619 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,9%; სრულად ვაქცინირებულია 952.248 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,3%.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულების რაოდენობა თანდათან იკლებს.