ხმაური რუსთავის ციხესთან: პოლიციამ ორი პირი დააკავა

სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნული პირები აქციის მსვლელობისას გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც გარშემომყოფებს, ისე პოლიციის თანამშრომლებს.
ოპოზიციამ ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთვის 24 საათი მისცა
სამართალდამცველებმა ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დღეს, რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.