პოლონეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს

გამოფენაზე ის ქართული ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე EnoExpo 2021 ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მას გამომცემლობაVinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე EnoExpo 2021 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 5 მლნ-მდე ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.