თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიცია ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათს აძლევს, განაცხადა რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა მელიამ.
წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 8 ნოემბერს 20:00 საათზე „მთელი საქართველო შეიკრიბება“, ამტკიცებს პოლიტიკოსი.
დანარჩენი მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა უკვე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამოცხადდება, აღნიშნა მან.
აქცია მიმდინარეობს სუსის განცხადების ფონზე, რომელმაც აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობის დაგეგმვაში დაადანაშაულა. უწყების მონაცემებით, რუსთავსა და თბილისში პერმანენტული აქციების ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხესთან მისასვლელი გზების ბლოკირებას გეგმავენ, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და 37-ე დღე შიმშილობს. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით, აღნიშნეს უწყებაში.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.