რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავდაპირველად აქციის გამართვა თბილისში იგეგმებოდა, მაგრამ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების გამო ის რუსთავში გადაიტანეს
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.
„არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ. დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს? არა. ამიტომ თოთოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ და ბრძოლით დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს... დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი. თავისუფლება მიშას, რიგგარეშე არჩევნები - ესაა ჩვენი მოთხოვნები“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
თავდაპირველად აქციის გამართვა თბილისში იგეგმებოდა, მაგრამ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების გამო ის რუსთავში გადაიტანეს.

მოთხოვნები და პრობლემები

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკვე დაიწყო შიმშილობა და ციხის შენობის გვერდით სიმბოლური მუყაოს საკანი დადგა. ახლა აქციის მონაწილეები ციხესთან ღამისთევას აპირებენ.
საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად პრობლემები შეიქმნა სცენის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, რომლის დადგმას ციხის კედელთან ორგანიზატორები აპირებდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ პოლიციამ სცენის დადგმის საშუალება მისცა, მაგრამ ცოტა უფრო მოშორებით.
რატომ არ განიხილება უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი: კიევის განმარტება
საპროტესო აქციასთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, აქციის პერიმეტრზე მორიგეობენ საპატრულო ეკიპაჟები, პოლიცია მობილიზებულია ასევე ციხის შიდა პერიმეტრზე, გაძლიერებულია ციხის დაცვა.
აქცია მიმდინარეობს სუსის განცხადების ფონზე, რომელმაც აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების დამხობის დაგეგმვაში დაადანაშაულა. უწყების მონაცემებით, რუსთავსა და თბილისში პერმანენტული აქციების ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებებისა და რუსთავის მე-12 ციხესთან მისასვლელი გზების ბლოკირებას გეგმავენ, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და 37-ე დღე შიმშილობს. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შენობების ბლოკირება, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.