რისი ფასები გაიზარდა საქართველოში – ახალი სტატისტიკა

ერთ წელიწადში ფასები სურსათზე გაიზარდა 18,4%-ით, ასევე გაძვირდა ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ოქტომბერი 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით) საქართველოში 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (19,6%), კომუნალურ მომსახურებაზე (11,8%), სასტუმროსა და რესტორნებზე (11,2%), ჯანდაცვაზე (8,4%). სექტემბერში სურსათზე ფასი ერთ წელიწადში 18,4%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული (43%), ზეთი (31,6%), პური და პურპროდუქტები (19,4%), რძე და კვერცხი (18,2%), შაქარი (18%).
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ 10 პროცენტზე დატოვა
2021 წლის ოქტომბერში, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,3%. სექტემბერში ინფლაცია 0,2% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა, აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ოქტომბერში საბაზისო პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 3%-ით გაიზარდა (პირველ რიგში მარცვლეულისა და მცენარეული ცხიმის ხარჯზე) და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 2021 წლის ივლისიდან, ნათქვამია გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა კვების პროდუქტებსა და ნავთობზე. გარდა ამისა, საერთაშორისო გადაზიდვებზე ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს სავალუტო ბაზარი სტაბილურია – ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკა
ბანკი აღნიშნავს, რომ 2021 წელს მოსალოდნელია მშპ-ის 10-პროცენტიანი ზრდა, რაც ძირითადად უკავშირდება ფისკალური სტიმულების შენარჩუნებას, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვებული მოთხოვნის რეალიზაციას და ბოლო დროს დაკრედიტების მაღალ ტემპს.
ძლიერი საკრედიტო აქტივობა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა ამავდროულად ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს, აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
ინფლაციის დონის პროგნოზი ჯერჯერობით დამაიმედებელი არ არის.
ეროვნული ბანკის აზრით, წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალი დარჩება.
„მიმდინარე წლის დეკემბერში და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის გამო დამატებით გაიზრდება“, – აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.
თუმცა, მძლავრი მიწოდების შოკის პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამასთან, ინფლაციური რისკები რჩება და მათმა რეალიზებამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს, აღნიშნავს რეგულატორი.