აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა

2021 წელს პროგრამის ფარგლებში აჭარაში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1,4 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 900 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში კორონაპანდემიის გამო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ წლის პროგრამის ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მომდევნო 2022 წელს მისი ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარით განისაზღვრა.
პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება, მისი მიზანი რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა.
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტები სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
ყველა მათგანი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად უნდა სწავლობდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
დაფინანსებას ასევე მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან.
სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო.
სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები.
სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100.000-ზე.
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი.
2012 წლიდან დღემდე სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 8 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.