თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან კოალიციაში მყოფი პარტიები ბათუმის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ.
ოპოზიციონერები შეიკრიბნენ, რათა არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააპროტესტონ და შემდგომ გეგმებზე ისაუბრონ.
აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათ ქალაქის ცენტრში არსებული მოედანი მთლიანად გაავსეს. მათ უჭირავთ საქართველოს და პარტიების დროშები. აქ შეიკრიბნენ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ლელოს“, „გირჩის“, „დროას“ და სხვა პარტიების მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეებს პარტიების ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
„დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
ამავე დროს პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქციები ოპოზიციის თვითმიზანს არ წარმოადგენს.
ის ხელისუფლებას სიურპრიზების მოწყობასაც დაპირდა.
„ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ, საჭიროების შემთხვევაში. მშვიდობიანად და ხელებაწეულები. სიმრავლით დაგამარცხებთ... სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, ისეთ სიურპრიზებს მოგიმზადებთ, რომლებიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის და სახელმწიფოს ბევრ ქომაგს“, - განაცხადა მელიამ.
გარდა ამისა, მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იბრძოლებს და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
ბათუმში მიმდინარე აქცია ოპოზიციის სხვა ლიდერების გამოსვლებით გრძელდება.