ოპოზიციის აქცია თბილისში გაიმართება, მაგრამ არა 7 ნოემბერს

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
აქცია შედგება, შესაძლოა 6 ან 8 ნოემბერს, მაგრამ ეს არ იქნება 7 ნოემბერი, რადგან ამ დღეს ის არ უნდა იყოს, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მიტინგი თბილისში გაიმართება უახლოეს დღეებში, მაგრამ არა 7 ნოემბერს, განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კვირას საინფორმაციო მიტინგზე მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციას ერთი კვირის შემდეგ, 7 ნოემბერს გამართავს. მანამდე კი ოპოზიცია ჩაატარებს აქციებს რეგიონებში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები გაემგზავრებიან.
ხოშტარიას თქმით, საპროტესტო აქციის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

„7 ნოემბერს არ იქნება, მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ (მელიამ) კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს... უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ დააზუსტა, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება.
კვირას ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, რათა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაეპროტესტებინათ და შემდგომ გეგმებზე ესაუბრათ.
13 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს შსს-ს ძალებმა თბილისის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. იმ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. 8 ნოემბრის ღამეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0