არჩევნები 2021

ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...

საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად მეორე ტურში გაგრძელდა შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც მან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაავრცელა.
ამასთან, საელჩო იზიარებს OSCE/ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნებული იყო, ხოლო ხანგრძლივმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.
არჩევნები 2021
„გვაქვს შენიშვნები“ – ევროკავშირის დიპლომატებმა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური შეაფასეს
საელჩო ყურადღებას ამახვილებს ასევე რესურსების მკვეთრ დისბალანსზე და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულ შეუსაბამო უპირატესობაზე, რამაც საასპარეზო პირობები შეცვალა.
„მიუხედავად OSCE/ODIHR-ის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არჩევნები 2021
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
როგორც საელჩო აცხადებს, წლის დასაწყისში მიღებულმა ზოგიერთმა რეფორმამ, მათ შორის ავტომატური გადათვლის პროცესმა და ელექტრონულად ხმის მიცემამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა, მაგრამ ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე.
აშშ-ის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად.

„საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.