თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა, განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინა სენაიდერმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
„მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა ინა სენაიდერმა.
ევროპარლამენტის დამკვირვებლების ერთი ნაწილი არჩევნების დღეს თბილისს აკვირდებოდა, სადაც დიდ დარღვევებს, ერთი-ორის გარდა, ადგილი არ ქონია.
„საარჩევნო უბნები ყოველთვის არ იყო მოცულობითი, ადგილი არ იყო იმისათვის, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელი იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ აისახება თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია“, - აღნიშნა სენაიდერმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის დამკვირვებლების მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები საარჩევნო უბნების მახლობლად დააფიქსირა.
„ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება, აღნიშნა მან.
მან გამოთქვა სურვილი, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლარიზაცია და ყურადღება რეფორმებს დაეთმოს.
„თქვენ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ პოლარიზაციას და უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე“, - განაცხადა სენაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.