თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შეფასება უაღრესად დადებითია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრეს-სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შეფასებისგან განსხვავებით, ამჯერად საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ მითითება არ ყოფილა. ასევე ხაზი გაესვა საარჩევნო სიების სიზუსტეს და თავად საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო რეფორმის შედეგად ამოქმედებული ხმების დათვლის მექანიზმები, რაც გულისხმობს ხმების გადათვლას მთელ რიგ უბანზე, განაცხადა პაპუაშვილმა და მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებს გაწეული სამუშაოსთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს და მათი სახით ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს იმ საქმისთვის, რომელიც გასწიეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა, მათ შორის პოლარიზებულ გარემოში, რომელზეც მათაც ისაუბრეს, შეფასების არსებობის შესაძლებლობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ნეგატიურ ასპექტებს შორის დამკვირვებლებმა ახსენეს საარჩევნო გარემოს პოლარიზაცია, ცალკეული ტელეარხების და იმ დამკვირვებლების მიკერძოებულობა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს წარმოადგენდნენ.
პაპუაშვილი შეეხო დღეს საღამოს დაგეგმილ აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ არც კი დაელოდა საერთაშორისო დამკვირვებლების პირველ შეფასებას.
„ეს პოლარიზაცია, სხვისი აზრის მიუღებლობა და ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს დღეს აქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, დაფიქსირდა ერთეული დარღვევები, მათ შორის ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები, მაგრამ ამას არ ჰქონია მასობრივი ან კატასტროფული ხასიათი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ადგილობრივ არჩევნებს „ტოტალურად გაყალბებული“ უწოდა და დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დააანონსა აქცია, რათა მხარდამჭერებს თავისი სამოქმედო გეგმები გააცნოს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მელია დამარცხდა მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.